გორის მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვისთვის სასამართლოში უჩივიან. საუბარია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯულ დაახლოებით 270 000 ლარზე, რომლის მიმღებ პირთა რაოდენობას და ჯილდოს გაცემის კრიტერიუმებს მერია არ ასაჯაროებს.
არაოფიციალური წყაროებიდან დგინდება, რომ საერთო ჯამში გორის ხელისუფლებამ წინასაახალწლოდ ჯილდოებში მილიონ ლარზე მეტი გახარჯა.
სარჩელით სასამართლოს ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო "მოზაიკას" დირექტორმა უკვე მიმართა. მედია საშუალების ინტერესებს სასამართლო პროცესებზე "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი დაიცავს.
"დღეს შევიტანეთ სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, რადგან თითქმის ერთი თვეა ვითხოვთ საჯარო ინფორმაციას საახალწლოდ გაცემული ჯილდოების შესახებ. უშუალოდ მერიაში გაცემულია 230 000 ლარამდე ფულადი ჯილდო, ასევე ვიცით, რომ ჯილდოები გაიცა აიპების შემთხვევაში, უბრალოდ ხელთ გვაქვს მხოლოდ 2 აიპის შესახებ ინფორმაცია და ამ ორი აიპ-ის შემთხვევაში, ვგულისხმობ, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ასევე კეთილმოწყობის სააგენტოს, დაახლოებით მილიონ ნახევრამდე ლარია გაცემული ჯილდოებში და ყველაზე საინტერესო არის, რომ თვითონ ეს აიპ-ები თვლიან, რომ ეს არის მორჩენილი თანხა", - თქვა მოიზაიკას დირექტორმა გვანცა დოლუაშვილმა.