საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს არ უერთდება. ეკლესიაში ამბობენ, რომ ზიარების საუკუნოვანი ტრადიცია უცვლილი სახით ჩატარდება და წესი არ დაირღვევა.
დღევანდელი საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში დიდ რაოდენობით მრევლი ეზიარა, თუმცა ერთჯერადი კოვზები არ გამოყენებულა. სასულიერო პირების თქმით, მორწუნეებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ ხატები და ეკლესიური წესები რაიმე დაავადების გადამტანი იქნება.
"ის, რომ ეკლესია ერთჯერადი კოვზებით აზიარებს, 2000 წელია არ მომხდარა. ნახევარ მილიარდზე მეტი მართლმადიდებელია დედამიწაზე და ყველა ეზიარება როგორც წესი და ჩვენც ასე ვაგრძელებთ ზიარებას. რწმენა ის იარაღია, რომლთაც ინკურნება ყველანაირი დაავადება და ჩვენთვის წმინდა ზიარება და ქრისტეს სისხლი არის მაკურნებელი და არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ის რამე დაავადების გადამტანი" ამბობს სამების ტაძრის არქიმანდრიტი მამა იოანე მჭედლიშვილი
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს საქართველოს საპატრიარქო ოფიციალური განცხადებით გუშინ გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ შორის არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ მრევლს ზიარებისას საკუთარი კოვზების გამოყენებისკენ მოუწოდა:
ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა. ამასთან, საერთო თაყვანისცემისთვის სამღვდელოება გამოაბრძანებდა ხოლმე საეკლესიო სიწმინდეებს: სახარებას, ჯვრებს, ხატებს, წმინდა ნაწილებს და აწყობდნენ ლიტანიობებს." ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.