კორონავირუსის გამო კი ეკლესიაში აზრთა სხვადასხვაობაა. მღვდელმთავრების ერთი ნაწილი თვლის, რომ ხატების დეზინფექცია ან ერთჯერადი კოვზებით ზიარება მკრეხელობის ტოლფასია, მერე ნაწილი კი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ კაცია, რომელიც პროფესიით ექიმია, ამბობს, რომ კორონავირუსის ფართოდ გავრცელების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული ჰიგიენური ზომები გამკაცრდეს, თუმცა მისივე თქმით, ჯერჯერობით ამის საჭიროება არ დგას.
მადლობა ღმერთს ჩვენთან ჯერ არ არის პანდემია და როგორც ექიმი ვამბობ, ჯერჯერობით პრობლემა არ არის,მაგრამ ჩვენ ალბათ მოგვიწევს იმ საავადმყოფოებში და კარანტინში შესვლა ადამიანებისთვის საზიარებლად და იქ უნდა დავიცვათ, ექიმებთან და ინფექციონისტებთან შეიძლება დავამუშავოთ, როგორ უნდა ვაზიაროთ" ამბობს მეუფე გრიგოლი და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას აუცილებლობის შემთხვევაში, ეკლესიებშიც დასაშვებად მიიჩნევს.
საეკლესიო პირების ერთი ნაწილი კი კატეგორიულად წინააღმდეგია და გამორიცხავს, რომ ზიარების წესი შეიცვალოს. ისინი ხატებზე მთხვევის რიტუალის შეცვლასაც გამორიცხავენ. მღვდელმთავრები ამბობენ, რომ ღვთისმსახურების დროს, რაიმე დაავადების გავრცელება გამორიცხულია:
ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად ბარძიმში, არის ანტისეპტიკი...ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი. რაც შეეხება ერთჯერად კოვზებს, პრინციპულად არასწორია...ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ხატზე მთხვევა აუკრძალო მისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება, ვიდრე კორონავირუსია" აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს საქართველოს საპატრიარქო ოფიციალური განცხადებით გუშინ გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ შორის არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ მრევლს ზიარებისას საკუთარი კოვზების გამოყენებისკენ მოუწოდა.