თბილისის 37-ე საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა - სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და შენობაში ყოფნა საშიში - ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე განმარტებით ბაღის აღსაზრდელები, ახალი ფართის შერჩევამდე, ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდებიან.
ბაღი 2016 წელს აშენდა და მასზე ქვეყნის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, კომპანია კი რომელმაც ბაღი ააშენა, ხელშეკრულების თანახმად მასზე პასუხისმგებლობა 5 წლის ვადით იღებდა.
ხელისუფლების ოპონენტები ავარიულ შენობაზე პასუხისმგებლობას დედაქალაქის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას აკისრებენ და ამბობენ, რომ ბაღი თავის დროზე, დარღვევებით აშენდა.
"დღეს კახი კალაძე მანიპულირებს, როცა იძახის, რომ ბაღი ავარიული არაა, მაგრამ შევაჩერე სასწავლო პროცესი. ბაღში უკვე ბზარებია და საშიშია სასწავლო პროცესის გაგრძელება. თავის დროზე, როცა ამ ბაღის მშენებლობა იყო დაწყებული, მაშინ დაიშვა ბევრი შეცდომა - არ იყო შესაბამისი კვლევა, შესაბამისი პროექტი, რომ ეს ბაღი აშენებულიყო ხარისხიანად", - თქვა ბესიკ დონაძემ