"კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა ექსპონატი" - მუზეუმის წარმომადგენელი

გამოქვეყნდა:

ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელი და საგამოფენო განყოფილების უფროსი მხატვარ სანდრო სულაბერიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ალექსანდრა გაბუნიას თქმით, კანონისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიტანა გალერეადან ნახატი "პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა".

როგორც გაბუნია აღნიშნავს, მომხდარზე პოილიციას თავად შეატყობინა და ზედამხედველთან ერთად დაიკითხა. 

გაბუნიას თქმით, მომხდარის შემდეგ, მას საყვედური გამოუცხადეს, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კი საკუთრი გადაწყვეტილებით წავიდა სამსახურიდან, "რადგან ბოლომდე გააცნობიერა საკუთარი შეცდომა".

ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ სანდრო სულაბერიძეს საკუთარი ნახატის გატანისთვის არ დაიჭერენ, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას დაუწესებენ, რაც მისი აზრით, "აბსოლუტურად გამართლებული იქნება ისევ და ისევ კანონიდან გამომდინარე".

"საქართველოს ეროვნული გალერეა გახლავთ სახელმწიფო დაწესებულება, საიდანაც სურვილისებრ ნამუშევრის ჩამოხსნა და გატანა მარტივად არ ხდება. გალერეა ემორჩილება გარკვეულ წესებს და არის პასუხისმგებელი არა მხოლოდ დავით კაკაბაძის, ქეთევან მაღალაშვილის, სიდამონ-ერისთავისა და სხვათა ნამუშევრებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მომიჯნავე დარბაზში ექსპონირებულ ფიროსმანზე, არამედ ყველა იმ ნამუშევარზე, რომელიც, თუნდაც დროებით, მის სივრცეში იფინება.

ასევეა კერძო გალერეის შემთხვევაში. ხელოვანებს და მითუმეტეს გალერისტებს არ უნდა ჭირდებოდეთ იმისი ახსნა, რომ საგამოფენო სივრცეში გამოფენილ ნამუშევარზე სწორედ სივრცის მენეჯმენტია პასუხისმგებელი, იმისგან დამოუკიდებლად, სივრცე კერძოა თუ სახელმწიფო.

არ შევდივარ პოლემიკაში იმის თაობაზე, რა სახელოვნებო მედიუმს ეკუთვნის სანდრო სულაბერიძის ქმედება, არ ვუკეთებ ინტერპრეტაციას მის მიერ კედელზე დატოვებულ წარწერის ხარისხს ან მართებულობას. არც იმაზე ვმსჯელობ, რამდენად ფასეულია მისი ნამუშევარი, რომელიც ჩამოხსნა და გალერეიდან გაიტანა.

კანონისთვის, რომელიც სხვა შემთხვევაში ყველას გინდათ მუშაობდეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა. ფაქტია გამოფენის მსვლელობისას დაიკარგა ნამუშევარი! ამის შესახებ მე (სწორედ მე, რადგან ამას ითხოვს კანონი!) განვაცხადე პოლიციაში და ზედამხედველებთან ერთად დავიკითხე კიდეც. მომიტევეთ, ზოგიერთებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს და საზოგადების წინაშე ჩემს მიერ აღებული ვალდებულებების და პასუხისმგებლობების გამო, ქუჩური „გაგებებით“ ვერ ვიხელმძღვანელებ, რადგან ხვალ ვინმემ ფორᲝსმანი რომ გაიტანოს, პირველი მე მომთხოვთ პასუხს და მართალიც იქნებით.

სანდრო სულაბერიძის „პერფორმანსის“ გამო, გამომიცხადეს საყვედური. Უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელსაც სხვა პოზიციაზე გადაყვანა შესთავაზეს, საკუთრი გადაწყვეტილებით წავიდა სამსახურიდან, რადგან ბოლომდე გააცნობიერა საკუთარი შეცდომა. ასეა თუ ისე, ამ „უცოდველი“ აქტის გამო, ერთი ადამიანი უკვე რეალურად დაზარალდა, რომ აღარაფერი ვთქვათ გალერეის დათრგუნულ თანამშრომლებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც აწი უნდა გამოიფინონ გალერეის სივრცეში, რომლის საგამოფენო პოლიტიკა არის დამოუკიდებელი და სადაც უკვე სრულად არის შევსებული 2023-2024 წლების საგამოფენო გრაფიკი.

მინდა ისიც გითხრათ, რომ ჩემს განცხადებაში მომხდარი ფაქტის შესახებ, მე არ ვითხოვ სანდრო სულაბერიძის დაჭერას, რადგან განაცხადების დაწერის მომენტში, ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, ვინ გაიტანა ნამუშევარი. აქვე მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი, იმის შესახებ, რომ მას არავინ დაიჭერს, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას აუცილებლად დაუწესებენ, რაც აბსოლუტურად გამართლებული იქნება ისევ და ისევ კანონიდან გამომდინარე. ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ეს ჯარიმაც უკვე გადახდილია გამოფენის სპონსორის მიერ. უბრალოდ საზოგადოებამ უნდა აცალოს კანონს, გაიაროს ყველა აუცილებელი ეტაპი და ისე დასრულდეს.

ასე, რომ, სამომავლოდ, „პერფორმანსები“ ჯობს ისე დაგეგმოთ, რომ

არ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მანც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად.

არავის ავნოთ და მხატვრის ნამუშევარზე პასუხისმგებელ ადამიანებს არ შეუქმნათ მძიმე პრობლემები იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი და ქმედება მართლაც იყოს მნიშვნელობის მატარებელი ხელოვნება და არა ინფანტილური მავნებლობა", - წერს გაბუნია.

შეგახსენებთ, მხატვარი სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

4 თებერვალს ეროვნულ მუზეუმში გამოფენაზე "ავტოპორტრეტი სარკესთან" ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ  საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".

ხელოვანთა ნაწილი ხელმოწერას აგროვებს და შსს-ს საქმის კვალიფიკაციის შეცვლის თხოვნით მიმართავს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი