თურქეთში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი დააფიქრა შეკითხვაზე, რამდენად დაცულები ვართ ჩვენ? რა ზომებს ვიღებთ იმისთვის, რომ ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში მსხვერპლი და ნგრევა მინიმალური იყოს? რითი ვიზღვევთ თავს? თურქეთში დატრიალებული ტრაგედია ნამდვილად არ არის მხოლოდ ბუნების ბრალი. ამას კონკრეტული მიზეზები აქვს, მშენებლები, რომლებმაც საკუთარ მოგებას შენობების ხარისხი და მდგრადობა შესწირეს, სახელმწიფოს პრაქტიკა, რომელიც ყოველი დარღვევისთვის მშენებელს მხოლოდ ჯარიმას ახდევინებდა, მაგრამ დარღვევის უკან არსებულ რისკებს ფულის ბიუჯეტში ჩარიცხვის შემდეგ ივიწყებდა, სამშენებლო ამნისტიებმა, რომელსაც ასე უხვად გამოსცემდა თურქეთის ხელისუფლება.
შესაძლოა ვინმემ ჩათვალოს, რომ ახლა უბრალოდ განრისხებული ხალხი განტევების ვაცს ეძებს, მაგრამ თავისთავად ფოტო/ვიდეო მტკიცებულებებიც ცხადყოფს, რომ ამ ტრაგედიას კონკრეტული დამნაშავეები ჰყავს. გვერდიგვერდ მდგარი ერთი და იგივე პრინციპით აგებული შენობებიდან ერთი როცა ბოლომდე ინგრევა, ხოლო მეორე დგას, ე.ი. რაღაც არასწორად გაკეთდა.
მოკლედ, თუ ეს შემზარავი პრაქტიკა გეცნოთ, გეტყვით, რომ დიახ, ჩვენთანაც ასე უდგებიან მშენებლობას და დიახ, საქართველოს სეისმურად ძალიან აქტიურ ზონაშია, რაც ბოლო ერთი დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში მომხდარმა 2 ძლიერმა მიწისძვრამაც დაადასტურა.