საპატრიარქოში, დღეს, 14 თებერვალს სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები სხდომაზე.
ჟურნალისტებმა ანდრია ჯაღმაიძეს ჰკითხეს, დღის წესრიგში დგას თუ არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი. ჯაღმაიძის თქმით, საკითხებს სხდომაზე პატრიარქი წარადგენს, თუმცა იქვე განმარტა, რომ აღნიშნულ ორ საკითხზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
"როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება ხოლმე საკითხები ცნობილი. პატრიარქს დაველოდებით, რა საკითხებს გამოიტანს. აქამდე უნდა ყოფილიყო, ვერ მოხერხდა.
[მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობაზე] არ ყოფილა საუბარი, არც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად. პატრიარქი გამოიტანს საკითხებს", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.
საპატრიარქოში სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.