"სანამ პატრიარქი პატრიარქია, თვითონ ჩაატარებს ყოველთვის ამ სხდომას" - სინოდის სხდომა 40 წუთში დასრულდა

გამოქვეყნდა:

წმინდა სინოდის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სინოდი დილის 12 საათზე შეიკრიბა, თუმცა სხდომა მთელი 5 საათის განმავლობაში ვერ იწყებოდა. ვიდრე მღვდელმთავრები ვითარებაში გარკვევას ცდილობდნენ, პატრიარქმა არც ერთ მათგანს სხდომის გაძღოლის კურთხევა არ მისცა და დაგვიანებით დაწყებულ სხდომას, რომელიც დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა, თავადვე უძღვებოდა. არსებობდა კულუარული ინფორმაცია, რომ ილია მეორეს გადადგომა სურდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 

სხდომის დასრულების შემდეგ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა პატრიარქის გადადგომისა და ამ საკითხის განხილვის შესახებ გავრცელებული ყველანაირი ინფორმაცია უარყო. 

"პატრიარქი სუსტად იყო, მოიკრიბა ძალა და შემდეგ ჩატარდა. ჩვენ ამასობაში ვიყავით ერთად, ვისაუბრეთ, დიდი ხნის უნახავები შევხვდით ერთმანეთს და ძალიან კარგი იყო ერად რომ ვიყავით. 

არასოდეს არ დადგება დღის წესრიგში ეგ საკითხი და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, რაღაცა მსგავსი რომ ეთქვა, ვერ მოესწრება ვერავინ ამას, პატრიარქი იქნება დიდხანს და თუ რაღაცა არასწორად ვიტყვი მერე მომკითხეთ- პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ...სანამ პატრიარქი პატრიარქია თვითონ ჩაატარებს ყოველთვის ამ სხდომას და იმიტომ ვიცდიდით ამდენ ხანს " ამბობს სხდომის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი.

მისივე თქმით, გელათის საკითხზე საუბარი არ ყოფილა, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის თემას, მეუფე ნიკოლოზის თქმით, მან თავის პოზიცია მღვდელმთავრებს უკვე გაუზიარა, თუმცა ამბობს, რომ სეკულარულ ქვეყანაში სხვა არავითარი იურიდიული ბერკეტი არ აქვთ. 

მეუფე ნიკოლოზის თქმით, დღეს  სულ სამი საკითხი იქნა განხილული. სხდომაზე კამათი არ ყოფილა და „მშვიდობიანად“ ჩაიარა.

"პირველი, რაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ: მივულოცეთ პატრიარქს დაბადების დღე, პატრიარქობის 50 წლის იუბილე, მთელმა სინოდმა მიულოცა.

ერთ-ერთი საკითხი რაც იყო, სამძიმრის წერილს გავუგზავნით თურქეთის სახელმწიფოს, მაგრამ პირველ რიგში, კონსტანტინოპოლის პატრიარქს და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია. დანარჩენი ძალიან ყოფითი საკითხები იყო“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

საპატრიარქო სინოდის განჩინებას მოგვიანებით გამოსცემს.

სხვა მღვდელმთავრებმა კი საპატრიარქოს ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. მათ შორის, მეუფე იოანემაც, რომელთანაც ჟურნალისტებს შეკითხვები გელათთან დაკავშირებით ჰქონდათ, თუმცა ქუთათელ-გაენათის მიტროპოლიტმა მედიასთან გამოჩენა არ ისურვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი