"გელათში მდგომარეობა კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა!" | საპატრიარქოს განცხადება

გამოქვეყნდა:

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახური გელათთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც წერია, რომ სამონასტრო კომპლექსში "მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია". მათივე ინფორმაციით, "საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა".

გელათში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საპატრიარქო პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

იხილეთ განცხადება სრულად:

"გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წწ. შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება - ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა.

ამ პერიოდის შეფასებაში გაურკვეველი და ბუნდოვანი არაფერია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ცხადი გახდა, რომ მხატვრობის დაზიანების სირთულისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, საჭირო იყო მაღალკვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, რომელთაც შესაბამისი კომპეტენცია და ტექნიკური რესურსი ექნებოდათ და რომელნიც, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად უმკურნალებდნენ და გადაარჩენდნენ გელათის მხატვრობას.

სწორედ ამ ეტაპიდან იწყება დღევანდელ პოზიციათა სხვაობა, რომელიც უკავშირდება, 2021 წლის ზაფხულში, გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის მოწვეული ჯგუფის მუშაობას.

მიუხედავად მათ მიერ შესრულებული სამუშაოებისა, გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა.

სახეზე გვაქვს არასრული, მწირი დოკუმენტაციის წარმოება. ამას ცხადჰყოფს ოთხივე მაღალკვალიფიციური დასკვნა, კერძოდ: სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედესი (რომელიც თავად კულტურის სამინისტრომ დაუკვეთა); საპატრიარქოს მიერ მოწვეული, საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერების: ოსტინ ნევინის, ლორინდა ვონგის, სარა სტენიფორთის და ფრანჩესკა პიკეს ანგარიში; ასევე ჩვენი თხოვნით შესრულებული „იკომოს საქართველო“-ს კონსერვაციის კუთხით მომზადებული დასკვნა; და ასევე ჩვენი მიმართვის საფუძველზე, - ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ შექმნილი მოცულობითი ნაშრომი.

ეს ოთხივე ანგარიში ერთიან და იდენტურ პოზიციაში მოდიან იუნესკოს მიერ მოვლენილ ექსპერტთა დასკვნასთან, რომელთაც მათი მისია გელათში, 2022 წლის 28 ნოემბრისა და 2 დეკემბრის პერიოდში განახორციელეს.

მკაფიო საილუსტრაციოდ მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას იუნესკოს ექსპერტთა ანგარიშიდან:

„მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობაზე ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოების საფუძვლიან შეფასებას აფერხებს მათი მდგომარეობის შესწავლისა და შესრულებული ჩარევების დოკუმენტაციის აშკარა ნაკლებობა, ასევე ბათქაშისა და მხატვრობის ტექნიკის ანალიზის სიმწირე. შემაშფოთებელია დასავლეთ მკლავის ზედა ნაწილში კედლის მხატვრობაზე ჩატარებული გადაუდებელი ჩარევების დროს გამოყენებული ზოგიერთი მასალა და ტექნიკა. ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები მიზნად ისახავს ამ პრობლემების გადაჭრას.“

„A thorough assessment of the conservation treatments undertaken on the mural paintings in the Main Church are hampered by the apparent lack of documentation related to their condition assessment and the past interventions, as well as by the lack of analysis of the plaster and painting techniques. Nevertheless, concerns can be confidently expressed regarding the approach and selection of some of the materials and techniques for emergency interventions on the wall paintings in the upper part of the west wing.“

შემდეგი:

„კიდევ ერთი დამაფიქრებელი საკითხია მხატვრობის მდგომარეობის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აშკარა ნაკლებობა.“

„Another matter of concern is the apparent lack of documentation regarding the condition assessment of the mural paintings“.

შემდეგი:

„კიდევ ერთი საკითხი უკავშირდება ბათქაშისა და მხატვრობის ტექნიკის ანალიზის არარსებობას, განსაკუთრებით თაღების ზედა ნაწილებში, თუმცა იგი აუცილებელია ყველა მხატვრობისთვის, რადგან ფერწერის ტექნიკის, ცვლილებისა და დაზიანებების ფენომენების და შესაძლო საკონსერვაციო ზომების უკეთ შეფასებისა და კორელაციის უზრუნველყოფის შესაძლებლობას იძლევა.“

„Another issue of concern is the lack of analysis of the plaster and painting techniques, particularly of those in the upper parts of the vaults, but necessary for all mural paintings, in order to better assess and correlate painting techniques, phenomena of alteration and decay, and possible conservation treatment

ჩვენ არ შევდივართ კონსერვაცია - რესტავრაციისა და ხელოვნებათმცოდნეობის პროფესიული და მეცნიერული ტიპის მსჯელობასა და შეფასებებში, ეს ჩვენს კომპეტენციას სცილდება, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული, საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა, ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას.

საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს, გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ჩვენი ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივ რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან.

ასევე გვსურს გელათის ირგვლივ შექმნილ ზოგად პრობლემატიკასაც შევეხოთ.

იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის მოწვევა საქართველოში მოხდა კულტურის სამინისტროს მიერ, მაგრამ გელათის პრობლემატიკის სიღრმისეული შესწავლისათვის უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია ii-ის 30.09.2022 წ.-ს გაგზავნილი წერილი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორის ბ-ნ ლაზარე ელუნდუ ასსომოსა და იკომოსის პრეზიდენტის ქ-ნ ტერეზა პატრიციას მიმართ. მისმა უწმინდესობამ ითხოვა, რომ საკითხი საფუძვლიანად შესწავლილიყო.

იუნესკოს მიერ მოწოდებული ანგარიშის მძაფრი კრიტიკულობიდან და ასევე ზემოთ ნახსენები სხვა საექსპერტო დასკვნებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება.

მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით.

თხოვნით მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებს და ტელევიზიებს, თანაბრად ყველას, ნუ ვიქნებით მიკერძოებულები და ნუ მივუდგებით ამ ზოგად ქართულ საკითხს ჩვენი ვიწრო ინტერესებით. საპატრიარქო ყველა დაინტერესებულ მხარეს სთავაზობს თავისუფალ და მიუკერძოვებელ დიალოგს. ვისაუბროთ მშვიდად და გელათის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. სწორი თანამშრომლობის შედეგად, შექმნილი კრიტიკული ვითარება დაძლევადი და მოგვარებადია. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენს თხოვნას", - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი