ქუთაისში უამინდობის გამო, ქალმა კლინიკაში დროულად მისვლა ვერ მოახერხა და მან კლინიკის ეზოში, ავტომობილში იმშობიარა - ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა "ბომონდი" ავრცელებს.
კლინიკაში ამბობენ, რომ დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.
"თოვლს რომ გაალღობს და თოვლიან დღეს გაათბობს, ისეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ
მშობიარემ, რომელმაც უამინდობის მიზეზით კლინიკაში დროულად მოსვლა ვერ შეძლო, "კლინიკა ბომონდის" ეზოში იმშობიარა.
ქალბატონს ვაჟი შეეძინა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.
"მშობიარე მარტვილიდან კლინიკაში შემოვიდა ჭინთვებში, რის გამოც მისი გადაყვანა სამშობიარო ბლოკში ვერ მოესწრო და მშობიარობის მიღება მოხდა ავტომობილში,"-ამბობს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე",- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ არაერთ რეგიონში შექმნა პრობლემები.