შენობები შენდება მეწყრულ უბნებში, არასათანადო შესწავლით. მრავალბინიანი კორპუსი შესაძლოა იყოს ახლადაშენებული და ვიზუალურადაც კარგად გამოიყურებოდეს, თუმცა სუსტმა მიწისძვრამ ის შესაძლოა დააზიანოს. არანაკლებ პრობლემატურია 70-80-იან წლებში აშენებული შენობები, რადგან სპიტაკის მიწისძვრამაც აჩვენა რომ საბჭოთა პერიოდის ეს ნაგებობები ცუდი ხარისხისაა.
სეისმოლოგიური, გეოლოგიური თუ გეოდეზიური კვლევებით, თბილისში მიწისძვრის პოტენციალი არის, თან არცთუ ისე სუსტი მიწისძვრის. დედაქალაქისთვის სამშენებლო სფეროში ყველაზე პრობლემატური სეისმური საფრთხის რუკებია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხარვეზიანია. საქართველოში ახალი შენობების უმეტესობა აშენებული და დაპროექტებულია მოძველებული მონაცემებით, ანუ ძველი საფრთხის რუკებით, რომელიც დღეს არსებულ რეალობასა და გამოწვევებს ვერ პასუხობს.
თურქეთის დამანგრეველმა მიწისძვრამ სიმშვიდე არაერთ ჩვენგანს დაურღვია; განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, ვინც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ. მსგავსი შენობების სრულყოფილი მონაცემთა ბაზა დედაქალაქში არ არსებობს, თუმცა მერიის დათვლებით ავარიული სახლების რაოდენობა 10 ათასს აღწევს. კვლევა არ არსებობს იმაზეც, რა სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლებს ავარიული სახლები.