შინაგან საქმეთა სამინისტრო თოვლისა და უამინდობის გამო გზებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რიკოთის უღელტეხილის ტერიტორია მსუბუქმა ავტომობილებმა უსაფრთხოდ დატოვეს. ცნობისთვის, ისინი ადგილზე გუშინ საღამოდან მოყოლებული იდგნენ.
უწყება ამბობს, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163 კილომეტრი გაწმენდილია და მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა.
"რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163 კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ხორციელდებოდა.
შეფერხებული მოძრაობის დროულად განტვირთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.
სამუშაო პროცესს ადგილზე ამ დრომდე ხელმძღვანელობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში - ზვიად შალამბერიძე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკის დახმარებით, თოვლისგან გზის ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.
ამჟამად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი გაწმენდილია, რიკოთის უღელტეხილის ტერიტორია მსუბუქმა ავტომობილებმა, მგზავრებთან ერთად უსაფრთხოდ დატოვა. ამ დროისთვის მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა", - წერია შსს-ს განცხადებაში.