ეს არის საქართველო - დიდება გმირებს! - დღეს, 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქეები უკრაინას მხარდაჭერას თბილისიდან - დღეს საღამოს 7 საათზე დაგეგმილი აქციით გამოუცხადებენ. ისინი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, რომ მხარს უჭერენ ამ ომში უკრაინის გამარჯვებას და რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

აქციას შეუერთდებიან რეგიონებში მცხოვრებლები და სტუდენტები. გარდა ამისა, 19:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან თბილისში მცხოვრები უკრაინელი აქტივისტები, რომლებიც აქციაზე მსვლელობით მივლენ.

"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, აქ მცხოვრები უკრაინელები ვერთიანდებით და გავმართავთ აქციას პარლამენტთან 19:00 საათზე. 24 თებერვალი არის დღე, როდესაც პუტინის რუსეთმა სასტიკი დამპყრობლური ომი დაიწყო უკრაინაში. ეს ომი დღემდე გრძელდება და აუცილებლად უკრაინის და უკრაინელების მხარდამხარ მებრძოლი ქართველი გმირების გამარჯვებით დასრულდება.
ქართველ ხალხს, კარგად გვესმის ამ ბოროტებასთან ბრძოლის ფასი, თავისუფლების ფასი, ღირსების ფასი, მტერზე გამარჯვების ფასი. ამიტომ ქართველი ხალხი ომის დაწყების წუთიდან განსაკუთრებულად სოლიდარულები ვართ გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ, უკრაინის მიმართ.

24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღეს, გავერთიანდებით და კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერას გამოვუცხადებთ თავისუფლებისთვისა და მშვიდობისთვის მებრძოლ გმირებს.
გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთად ჩვენი გმირებისთვის, ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის, უკრაინისთვის, საქართველოსთვის! 24 თებერვალს ვაჩვენოთ, სად არის საქართველო და რა არის საქართველო!

24 თებერვალს თბილისში მცხოვრები უკრაინელი აქტივისტების ორგანიზებით 19:00 საათზე შეიკრიბებიან რუსთაველის მეტროსთან და მსვლელობით შემოუერთდებიან უკრაინის სოლიდარობის აქციას პარლამენტთან", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე 2 მშვიდობიანი აქცია და აუქციონი გაიმართება ბათუმშიც. ღონისძიებებს უკრაინელი, ქართველი და ბელარუსი აქტივისტებიც გამართავენ. აქციების ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს თავისი მხარდაჭერა საკუთარი სახლების აივნებზე, უკრაინის დროშების გადმოფენითაც გამოხატონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი