ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა და ნაშრომების გასწორების პროცესი მიმდინარეობს.
საგამოცდო პროცესი შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ქუთაისში შეაფასა და აღნიშნა, რომ გამოცდებმა საერთო ჯამში ექსცესების გარეშე ჩაიარა.
გორგოძის ინფორმაციით, შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა 94%-მდე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი. იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები და გამოცდიდან მოხსნის სამი ფაქტი.
2020 წლის საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 25 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა.
გორგოძის ინფორმაციით, ეროვნული ცენტრი ზედმიწევნით იცავდა გამოცდებზე უსაფრთხოების წესებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში შეიმუშავა.