ოზურგეთის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქ ოზურგეთის სანაპიროზე, შემოვლით ავტომაგისტრალზე, მინი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.
გარდა საფეხბურთო სტადიონისა აქ საკალათბურთო მინი მოედანი და ექადიიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან მდინარე ბჟუჟზე საფეხმავლო ხიდის გაკეთებაც იგეგმება.
როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. საფეხბურთო და საკალათბურთო სტადიონების ავტომაგისტრალზე მშენებლობამ ადგილობრივებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ადგილობრივ ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მსგავს პროექტებს ხელისუფლების კორუმპირებული ჩინოვნიკები საბიუჯეტო თანხების მისათვისებლად იყენებენ. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის რკინა-ბეტონის კონსტრუქციები ბავშვებისთვის საფრთხისშემცველია, რადგან მოედანი ასფალტით კეთდება.
"მთავარი" ამ თემასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერიაში მივიდა, თუმცა დაცვის პოლიციამ გადამღები ჯგუფი შენობაში არ შეუშვა.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე