დროებით ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას ოფიციალური თბილისი დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე.
მოლაპარაკებები სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლობა ქართული მედიის კითხვებს არ პასუხობს.
შეხვედრაზე იმყოფება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე.
"დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაშია ჩვენი 5 თანამოქალაქე და მათი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი იქნება დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა. გორის მუნიციპალიტეტშია დაფიქსირებული უკანონო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა" ,- თქვა ანთაძემ.
შეგახსენებთ, უკანონო ტყვეობაში საქართველოს 5 მოქალაქე რჩება, ისინი სხვადასხვა დროს რუსმა ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ დააკავეს. დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის კიდევ ერთი მთავარი თემა უკანონო ბორდერიზაცია იქნება.
ბოლო დროს ერგნეთში მოლაპარაკებების თითქმის ყველა რაუნდი კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. დრეს რიგით 111-ე შეხვედრა იმართება.