ბოლო 7 წელში სავალდებულო სამხედრო სამსახური მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე 55 321 პირს გადაუვადდა, საიდანაც 36 319 ადამიანი „გირჩი - ბიბლიური თავისუფლების“ წევრია - ოფიციალური სტატისტიკა გამოცემა „ინტერპრესნიუსმა“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან გამოითხოვა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016-2022 წლებში, სავალდებულო სამხედრო სამსახური 774 103 პირს გადაუვადდა, ხოლო 24 717 ადამიანი გაწვევისგან გათავისუფლდა.
იმ პირებს შორის, ვისაც ჯარში გაწვევა მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე გადაუვადდა, 21 იყო მართლმადიდებელი; 15 - მუსლიმი; 330 -იეჰოვას მოწმე; 36 324 - „გირჩი“ „ბიბლიური თავისუფლება“; 2106 -კატაკომბური ეკლესია (ანდრიაძე);41 - სხვა.
ამასთან, 7 წლის განმავლობაში ყველაზე მეტ - 286 673 შემთხვევაში ჯარში გაწვევა სტუდენტის სტატუსის მქონე პირებს გადაუვადდათ.
რაც შეეხება სამხედრო სამსახურის გადავადების სხვა საფუძვლებს, სტატისტიკა ასეთია: შეზღუდულად ვარგისი 154 178; დედისერთა 152 822; ჰყავს ერთი შვილი - ვადით 3 წლამდე 25 834; ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი 16 879; სკოლის მოსწავლე (20 წლამდე) - 13 566; ჯანმრთელობის მდგომარეობა (ვადით 1 წლამდე) 13 393; გადაიხადა მოსაკრებელი (2000 ლარი) - 5065; პროფესიული სტუდენტი 3 627; მარჩენალი, მხარდამჭერი - 1 473; მის მიმართ მიმდინარეობს ს.ს. დევნა - 860; გადავადება აქვს პრემიერ-მინისტრის მიერ - 842; ჰყავს არასრულწლოვანი და/ძმა - 372; მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად - 337.