"მიზნად ისახავს სახელმწიფოს სრულ რუსიფიკაციას" - რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია რუსულ კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

მივიჩნევთ, რომ მოცემული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსს, დეკლარირებულად ცვლის მის პოლიტიკურ ვექტორს და მიზნად ისახავს სახელმწიფოს სრულ რუსიფიკაციას - "ოცნების" რუსული კანონპროექტის ინიცირებასა და განხილვას რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია ეხმაურება.

გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია წერს, რომ დაუშვებელია ისეთი მავნებლური კანონის მიღება, რომელიც საფრთხე შეუქმნის ქვეყანაში კონსტიტუციურ და დემოკრატიულ ღირებულებებს და ხელს შეუშლის დასავლეთთან დაახლოებას.

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია ყოვლადდაუშვებლად მიიჩნევს საქართველოში “უცხო ქვეყნის აგენტების” სახელით შეფუთული და ერთობ მავნებლური კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო საზოგადოების, მასმედიის, პრესის, NGO სექტორისა და საერთაშორისო მისიათა წარმომადგენლების წინააღმდეგ სადამსჯელო და გამანადგურებელი მექანიზმი მუშავდება, რაც უზარმაზარ საფრთხეს უქადის ქვეყანაში კონსტიტუციური, დემოკრატიული, ლიბერალური და ჰუმანური ღირებულებების დამკვიდრებას და სახელმწიფოს დაახლოებას დასავლურ სტანდარტებთან. 
ვთვლით, რომ პარლამენტის მხრიდან მსგავსი კანონპროექტის განხილვა და შემდგომში მისი მიღება – სხვა არაფერია, თუ არა მკვეთრი გზაგასაყარი სახელმწიფოებრიობის არსებობასა და არარსებობას შორის. ეს არის უარი დასავლურ ცივილიზაციასთან ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივაზე, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები (სიტყვის, სიცოცხლისა და საკუთრების უფლება) უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენს. 
მივიჩნევთ, რომ მოცემული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსს, დეკლარირებულად ცვლის მის პოლიტიკურ ვექტორს და მიზნად ისახავს სახელმწიფოს სრულ რუსიფიკაციას.
მოვუწოდებთ საზოგადოებას: ხმა აღიმაღლონ მოცემულ ხიფათთან დაკავშირებით, დაიცვან ღვთივბოძებული ღირსება და წინ აღუდგნენ რეგრესზე ორიენტირებულ დეფორმირების მცდელობას! 

“თუ შეგიძლია მოიპოვო თავისუფლება, უმალვე ისარგებლე ამით” (ბიბლია, I კორინ. 7,21) ." ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი