"ოცნების" რუსულ კანონპროექტზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ათეული წლებია რაც სწორედ დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით, სოფლის მეურნეობაში (და არა მარტო) ხორციელდება უამრავი მხარდამჭერი პროგრამა, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და სიღარიბის დაძლევას ქვეყანაში. ხოლო აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება არსებულ მხარდამჭერ პროგრამებსა თუ პროექტებს.
განცხადება უცვლელი ფორმით:
"მოგეხსენებათ, ამა წლის თებერვალში, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა პარლამენტში ორი კანონის პროექტი დაარეგისტრირეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.
აღნიშნულ კანონპროექტებს ძალიან მკაცრი შეფასება მოჰყვა საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის დასავლელი მეგობრების და დონორების მხრიდან (გაერო, ევროკავშირი, აშშ და სხვა). შეგახსენებთ, რომ ათეული წლებია რაც სწორედ დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით, სოფლის მეურნეობაში (და არა მარტო) ხორციელდება უამრავი მხარდამჭერი პროგრამა, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და სიღარიბის დაძლევას ქვეყანაში.
შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება არსებულ მხარდამჭერ პროგრამებსა თუ პროექტებს, რომლებიც მიმართულია სოფლად მცხოვრები ადამიანების, მათ შორის ფერმერების კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ, იქნება ეს ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფითა თუ თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის გზით. ამ სიკეთეებზე უარის თქმით, ამაო გახდება ის ძალისხმევა რაც წლების განმავლობაში დარგში მომუშავე უწყებებმა, მათ შორის სამთავრობომ, გაიღეს დარგის განვითარებისთვის, იმ რეფორმების ფარგლებში, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა უნდა იყოს.
ამდენად, აღნიშნულთან დაკავშირებით ფერმერთა სათათბიროს წევრი დარგობრივი ასოციაციები, გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას აღნიშნული კანონპროექტის მიღება.",- ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები შეგიძლიათ, ნახოთ ბმულზე.
შეგახსენებთ, რუსული კანონპროექტის ინიციატორი "ხალხის ძალაა". ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.
კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინფიცირებენ მეორე კანონპროექტსაც "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია. "ოცნების" დეპუტატები კანონპროექტს მხარს უჭერენ.
კანონპროექტის ინიცირებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც აშშ-ში ისე ევროკავშირში. პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.
სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისა და პროტესტის მიუხედავად 2 მარტს საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს.