საპროტესტო აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში - ადგილობრივები "ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიის "არ-ემ-ჯი გოლდის" [RMG] ახალი, მასშტაბური პროექტის დაწყებას აპროტესტებენ.
ოქროს მომპოვებელი კომპანია დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას იწყებს და ამისთვის ტყის მასივი უნდა გაჩეხონ.
"მოსახლეობას სურს თავიანთი უფლებების დაცვა, ხელმოწერებით მიმართავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს, რომ მათი მოსაზრება იყოს დაცული",- ამბობს რაბილ ისმაილი, პლატფორმა "სალამის" წევრი.
ადგილობრივების ცნობით, კომპანია გეტასთან 96 ჰექტარზე ე.წ. კუდსაცავის მშენებლობას გეგმავს, რაც გულისხმობს უდიდესი ავზის აშენებას.
ეს ადგილი გეტასა და მიმდებარე სოფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ტერიტორიებს მოსახლეობა საძოვრებისთვის იყენებს. ამასთან ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია ტყის გაჩეხვასაც აპირებს.
"მე ბოლნისის რაიონის სოფელ ხახალაჯვარიდან ვარ. ჩვენ აქ ვცხოვრობთ უკვე საუკუნეებია, ჩემი ბაბუა და მისი წინაპრებიც აქ ცხოვრობდნენ. ჩვენ აქ ქარხანა არ გვაქვს, ფაბრიკები არ გვაქვს, ხელფასები არა გვაქვს და ხალხი პირუტყვით ცხოვრობს, ვის როგორც შეუძლია. ახლა ჩვენს ამ ტერიტორიებს, ამ ტყეს სულ ანადგურებენ და ამ ხალხმა რითი იცხოვროს? სახელმწიფოსგან არაფერი გვაქვს და როგორ ვიარსებოთ? ახლა, აქ რასაც აკეთებენ, ეს სახიფათოა ჯანმრთელობისთვის",- ამბობენ ადგილობრივები.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებს თქმით, კომპანიას ჯერჯერობით ოფიციალური ლიცენზია არ მიუღია, მაგრამ კომპანიამ უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები და ტყის გაჩეხვა. მოსახლეობა ამ წუთებში ხელმოწერებს აგროვებს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი კომპანიას ამ პროექტის განხორციელების უფლებას არ მისცემენ.