გორის მერი შესაძლოა, "უცხოური გავლენის" აგენტად გამოცხადდეს. ლადო ხინჩეგაშვილი მუნიციპალიტეტის მართვის პარალელურად, სამუშაოს შეერთებულ შტატებში ითავსებს და ამაში შესაბამის ანაზღაურებასაც იღებს.მოჭიდავე ჩინოვნიკი ნიუ-იორკს წელიწადში ორჯერ სტუმრობს, სადაც მასტერკლასებს ატარებს.
ხინჩეგაშვილი შესაძლოა, სიაში აღმოჩნდეს, თუ პარლამენტი "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის ახალ ვერსიას დაამტკიცებს, რომელიც ფიზიკურ პირებსაც შეეხებათ.
"ლადო ხინჩეგაშვილი წელიწადში 2-ჯერ დადის ამერიკაში, ატარებს მასტერკლასებს და შესაბამის ანაზღაურებასაც ამაში. მაინტერესებს რას ფიქრობს ამ კანონპროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაში შეიძლება, ის არასამთავრობო და მედიასექტორთან ერთად გამოცხადდეს უცხოეთის გავლენის აგენტად",- ამბობს ჟურნალისტი მაკა კოჭლამაზაშვილი.
შეგახსენებთ, რუსული კანონპროექტის ინიციატორი "ხალხის ძალაა". ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.
კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინფიცირებენ მეორე კანონპროექტსაც "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია. "ოცნების" დეპუტატები კანონპროექტს მხარს უჭერენ.
კანონპროექტის ინიცირებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც აშშ-ში ისე ევროკავშირში. პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.
სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისა და პროტესტის მიუხედავად 2 მარტს საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს.