ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ! - ქალთა მოძრაობა დღეს, საქართველოს ქალაქებში მარშს გამართავს

გამოქვეყნდა:

ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ! - დღეს, 8 მარტს, ქალთა მოძრაობა თბილისში და საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში მარშს გამართავს. მსვლელობა დღის 3 საათზე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ბოლნისში, გორში, თელავში, ახმეტასა და მარნეულში იქნება.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სახელმწიფო, რომელიც ისედაც არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, "რუსული კანონის" მიღებით გეგმავს შეიჭრას პირად სივრცეში და ტოტალური კონტროლით შეზღუდოს წვდომა საბაზისო უფლებებზე.

"ჩვენი უფლებები საფრთხეშია!

ძალადობაგამოვლილი, რეგიონში მცხოვრები, მიგრანტი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, ხანდაზმული, დასაქმებული, იძულებით გადაადგილებული ქალები, მარტოხელა დედები, შშმ ბავშვების მშობლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა და სხვა მრავალი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას ვიღებთ.

ამ მხარდაჭერის დაკნინებისა და აკრძალვის შედეგად, ზიანდება მთლიანად საქართველოს მოსახლეობა.

არ გვექნება უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი, ზრუნვაზე, განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, ვერ დავიცავთ თავს მოძალადეებისგან, არ გვექნება შრომის ელემენტარული პირობები, ბედის ანაბარად მიტოვებული ვრჩებით საზოგადოების უამრავი ჯგუფი - შშმ პირები, ქალები, ბავშვები, და ამ სავალალო მდგომარეობას არავინ გააშუქებს, რადგან არ იარსებებს დამოუკიდებელი და ეთიკური მედია!

სახელმწიფო, რომელიც ისედაც არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და უყურადღებოდ ვყავართ მიტოვებული, ახლა გეგმავს, შემოიჭრას ჩვენს პირად სივრცეში და ტოტალური კონტროლით შეგვიზღუდოს წვდომა საბაზისო უფლებებსა და მხარდაჭერაზე.

8 მარტს, ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში მარშს გავმართავთ, რომელშიც ვმონაწილეობთ ყველა, ვის ცხოვრებასაც მნიშვნელოვნად აუარესებს რუსული კანონის მიღება. Ჩვენ ვართ ყველგან და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას!" - წერენ აქციის ორგანიზატორები.

ცნობისთვის, გუშინ ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, ძალადობით დააკავეს არაერთი მოქალაქე. გავრცელებული ცნობით, გამოყენებული იყო რეზინის ტყვიებიც. 

დღეს მოქალაქეები რუსთაველზე 15:00 საათზე შეიკრიბებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი