პირველადი დახმარების ცენტრი მოქალაქეებისთვის რეკომენდაციების ჩამონათვალს აქვეყნებს, როგორ უნდა მოიქცნენ ცრემლსადენი გაზის ან წიწაკის სპრეის გაშვების შემთხვევაში:
"მიუხედავად იმისა, რომ წიწაკის სპრეის და/ან ცრემლსადენი გაზის საწინაღმდეგო სწრაფმოქმედი ანტიდოტი არ არსებობს და სიმპტომები ერთი შეხედვით მწვავეა, რაც გამოიხატება სუნთქვის გაძნელებით, წვის შეგრძნებით, მხედველობის დროებითი გაუარესებით, ხველით და ა.შ. ის აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში არ არის სასიკვდილო და პირველ რიგში, ეცადეთ, არ აყვეთ პანიკას
გეკეთოთ ნიღაბი და დამცავი სათვალე.
უმჯობესია, მოიხსნათ ლინზები.
სპრეით/გაზით დაზიანების შემთხვევაში:
დატოვეთ ადგილი და გადაინაცვლეთ უსაფრთხო ადგილას;
თან იქონიეთ წყალი ან ფიზიოლოგიური ხსნარი (ალტერნატივად შესაძლოა გამოყენებულ იქნას რძეც) და ჩამოიბანეთ არე ხანგრძლივად (არ დაისხათ შუბლზე, ამან შესაძლოა ნივთიერება ''ჩარეცხოს'' თვალებში);
არ ეცადოთ თვალის ძალით გახელას;
თუ ლინზა გიკეთიათ დაზიანების დროს, მოიხსენით ის სუფთა ხელებით;
მოიშორეთ დაბინძურებული ტანსაცმელი, მიიღეთ შხაპი, ჩამოიბანეთ შამპუნით ან საპნით ან გელით, გრილი/ნელთბილი წყლით 10 - 15 წთ-ს განმავლობაში, უწყვეტი ჭავლით;
არ დაიზილოთ დაზიანებული არე;
სიმპტომების გაძლიერებისას, განსაკუთრებით თანმხლები ქრონიკული დაავადებების (მაგალითად ასთმა) შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს."