კახა კინწურაშვილმა "იმედი" დატოვა

გამოქვეყნდა:

მსახიობმა და ტელეწამყვანმა, კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია იმედი დატოვა. ამის შესახებ მან mediachecker-თან ინტერვიუში განაცხადა. კინწურაშვილმა ინტერვიუში რუსული კანონპროექტი გააკრიტიკა.

"...არ შეიძლება, უპირისპირდებოდე მეგობრულ სახელმწიფოებს, რომელთა თანადგომით დღემდე მოვედით და თუ რაიმე სახის სიმშვიდე და წინსვლა არსებობს ამ ქვეყანაში, მათი თანადგომის უდიდესი დამსახურებაა. უპირისპირდებოდე შენს მოქალაქეებს და თან, თამაშში შედიოდე იმ ქვეყანასთან, რომელმაც გაანადგურა შენი სახელმწიფო და საზოგადოება, რუსული საქმეა...

ადამიანებმა იმ ტელევიზიებიდან, რომლებიც ასოცირდებიან ხელისუფლებასთან, ვინც ქმნიან საინფორმაციო პოლიტიკას, ალბათ უკვე ძალიან შეტოპეს. არ ვიცი რის გამო, რის საფასურად აკეთებენ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლომდე მიუყვებიან ამას, ბოლომდე არიან ამაში ჩართულები. დღეს, არ შეიძლება, საღი აზრის ადამიანმა იმ პოლიტიკას დაუჭიროს მხარი, რა პოლიტიკაც "ქართულ ოცნებას" უკვე ღიად აქვს გაცხადებული საზოგადოების წინააღმდეგ...

ეს კანონი მიზნად ისახავს, გააჩუმოს თავისუფალი ხმა და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია ამ ქვეყანაში და ბევრ საზოგადოებრივ სიკეთეს ქმნის. გარდაუვალია პერსპექტივა, რომ ეს ხალხი გაჩუმდეს, აღარ ჰქონდეთ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა და სურვილიც კი. აი, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ამ კანონის მიღების შემდეგ დადგება ჩვენი ქვეყნის წინაშე. აქამდე, სამოქალაქო საზოგადოება ახერხებდა ნაბიჯ-ნაბიჯ წასულიყო წინ და ახლა, რეალურად, ამ ყველაფრის მოსპობა ხდება...

მე "იმედიდან" რეალურად, 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი საბრძოლველი აქვს და ამ ბრძოლაში ის ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რაც დააგროვა შეგნებითა და გამოცდილებით...

მე არასდროს ვეთანხმებოდი "იმედის" საინფორმაციო პოლიტიკას და ღიადაც ვაფიქსირებდი ამას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ღალატს, ეს უკვე აღარაფერში წერია.

მე, ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე, ვდგავარ იმის წინააღმდეგ, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს, ამას კი არ ეწინააღმდეგება ეს არხი და პირიქით, მხარდამჭერია და მიჰყვება ამ ღალატში ხელისუფლებას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მანდ ვერ ვიქნებოდი. მე, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, რომ ვიყო მართალი საკუთარ თავთან და სინდისთან..." ამბობს კინწურაშვილი

ცნობისთვის, კახა კინწურაშვილს საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიცია არაერთხელ დაუფიქსირებია, მათ შორის სამთავრობო მედიის ტელევიზიიდანაც. კინწურაშვილი გუშინ, 7 მარტს აქციაზეც იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებდნენ და რომელიც სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაარბიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი