დაიკარგა თუ გაიქცა? - მეცხრე დღე 13 წლის ილია ფილფანის გაუჩინარებიდან

გამოქვეყნდა:

სვანეთში დაკარგულ ბავშვს ამ დრომდე ეძებენ. 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის გაუჩინარებიდან მეცხრე დღე გავიდა. სამძებრო სამუშაოებში სოფლის მოსახლეობასთნ ერთად 80-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. დაიკარგა თუ გაიქცა? იკვეთება თუ არა, სადმე გაუჩინარებული ბავშვის კვალი და რა ვერსიები არსებობს სვანეთში?

18 ივლისს, 11 საათზე ილია საცხოვრებელი სახლიდან გამოდის, ამ დროს სახლში არიან ოჯახის წევრები, მათ არ ეუბნება, სად მიდის. მეზობელი ამბობს, რომ ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი და ეხურა კეპი.

როდესაც ილია გარეთ გავიდა, ამ დროს სახლში, ბავშვის მამა, დავით ფილფანი, ბებია და ბავშვის ტოლი  მამიდაშვილი, ვიქტორ ფილფანი იყვნენ. გარეთ, ველოსიპედით სულ ერთად სეირნობდნენ. თუმცა ამჯერად, სახლიდან მარტო გავიდა, გასვლის წინ კი 12 წლის ნათესავს გამოელაპარაკა.

სწორედ ამ საუბრის გამო ჩნდება ეჭვი ილიას სახლიდან გაქცევის შესახებ. ძებნა იმ ადგილებში დაიწყო, სადაც ილია და ვიქტორი ერთად ველოსიპედებით სეირნობდნენ. ამის შემდეგ მამა სახლიდან ერთ კილომეტრში მიდის, ენგურიდან 50 მეტრში. სოფელი პოულობს ველოსიპედის კვალს, რომელიც ამ ადგილას ქრება.

18 ივლისს, ღამის 11 საათზე ილია ფილფანის მამა 112-ში რეკავს. დაკარგული ბიჭის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შედის და სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავები და მაშველები ერთვებიან. ძებნა კი ველოსიპედის კვალის აღმოჩენის ადგილიდან იწყება.

ილია ფილფანი სოფელ ლენჯერში არავის უნახავს. მისი კვალი ქრება და მაშველები ძებნას სოფელ ლენჯერთან ახლოს, ტყის მასივში იწყებენ. სოფლის მოსახლეობა სამძებრო სამუშაოებში თავად ჩაერთო და როგორც "მთავარს" ეუბნებიან, ამ ცხრა დღეს მანძილზე, თვითმხილველი ვერ ნახეს. კვალს ვეღარ მიაგნეს.

სოფელ ლენჯერიდან "მთავარი არხი" მესტიაში წავიდა, სადაც საინტერესო დეტალი გავარკვიეთ. ერთ-ერთი ადგილობრივი გვიყვება, რომ მასთან ჩასულმა სტუმარმა ბავშვი სოფელ ეცერთან, გზის სავალ ნაწილზე დაინახა. სტუმრის ყურადღება იმიტომ მიიქცია, რომ შავი ველოსიპედით დიდი სიჩქარით მიდიოდა. ეს 19 ივლისს მოხდა, ანუ ბავშვის დაკარგვიდან მეორე დღეს. დაახლოებით საღამოს ცხრა საათზე. სტუმრები მესტიაში ჩასვლის შემდეგ იგებენ 13 წლის ბავშვის დაკარგვის შესახებ. მას შემდეგ რვა დღე გავიდა, თუმცა საგამოძიებო უწყებას შესაძლო თვითმხილველი არ დაუკითხავს. არც ის ვიდეოკამერების ჩანაწერები შეუმოწმებიათ, რომელიც მესტიაში პოლიციის შენობასთანაა. 

ოჯახის თქმით, ილია ფილფანი მესტიისა და სოფელ ლენჯერის შემოგარენში მთებიდან ველოსიპედით ხშირად ეშვებოდა. სწორედ ამიტომ, სამძებრო სამუშაოები ძირითადად, მდინარე მესტია ჭალას მიმდებარე ტერიტორიასა და საცალფეხო ბილიკებზე მიმდინარეობდა, თუმცა მაშველებმა და მოხალისეებმა ვერც ბიჭს და ვერც მის პირად ნივთებს მიაგნეს. ამ ცხრა დღის მანძილზე, მაშველებმა ძებნის არეალი გააფართოეს.  სვანეთის გარდა სამუშაოები ანაკლიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. საქმეში ვერტმფრენიც ჩაერთო. ტერიტორიას დრონებითაც ათვალიერებენ.

"მთავარი" ილია ფილფანის დედას დაუკავშირდა, რომელიც საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოფრინდა. ქსენია ფილფანი ბავშვის სახლიდან გაქცევას გამორიცხავს

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. 13 წლის მოზარდი ალმატში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. არასრულწლოვანი დავით ფილფანთან ერთად საახალწლოდ ბებისთან სვანეთში, სოფელ ლენჯერში ჩავიდა. კორონავირუსის გამო კი მათ უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს. ბავშვი მხოლოდ რუსულად საუბრობდა და შესაბამისად, სვანეთში ბევრი მეგობარიც არ ჰყავდა.   

13 წლის ბიჭის გაუჩინარებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი