7-9 მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეულ კადრში, ქალი ევროკავშირის დროშით, ჩანს ბიჭი წითელი ქუდით, რომელიც, მედროშე ქალის, ნანა მალაშხიას ზურგის გამაგრებას სხვა ახალგაზრდებთან ერთად ცდილობს.
ის ლევან ქამუშაძეა, 33 წლის. მასთან ინტერვიუ "რადიო თავისუფლებამ" ჩაწერა. ლევან ქამუშაძე იხსენებს წამებს, როცა ნანა მალაშხიასკენ წამოსული ჭავლი დაინახა და მისი გამაგრება გადაწყვიტა.
"პატრული სადაც დგას, იქ ვიყავი ჩაკუზული, იქ ვიდექით, ჭავლი რომ წამოვიდა. ჩავიკუზეთ და რომ ავდექი, მაშინვე დავინახე ნანა. ისეთი აბობოქრებული და ჩემთვის ისეთი მართალი იყო, მაშინვე მივხვდი, რომ მისკენ უნდა წავსულიყავი, ხელი შემეწყო, გვერდში დავდგომოდი და დამეცვა.
მე ვარ ლევან ქამუშაძე, 33 წლის. პროფესიით მეღვინე, ქვევრის მეღვინე. ჩვენმა ბობოქარმა ქალმა, ნანამ ჭავლი რომ აიცილა, მე სხვაგან ვიყურებოდი და პირველად თავში მომხვდა ჭავლი. ნავარჯიშები ვარ და რაგბის ამბავშიც გადავრჩი, რომ არ წავიქეცი და ნანას დატოვებაც არ მინდოდა. ჩემთვის ის მართალ საქციელს სჩადიოდა და მინდოდა, გვერდში დავდგომოდი.
"მეჭავლე" ბიჭი საკმაოდ აქტიურობდა და ძალიან მძიმე იქნებოდა, რადგან ჩალურჯებებიც მქონდა, საკმაოდ მტკივნეულია ჭავლი. ჩემი სულის გამოძახილი იყო და არ მინდოდა, რომ გაჩერებულიყო. პირიქით, მინდოდა, რომ გამემაგრებინა და დავხმარებოდი. დავიცავი საქართველოს კონსტიტუცია აქ მოსვლით. ჩემი პროტესტი თავიდან ბოლომდე მშვიდობიანი იყო. მოინდომეს ჩემი აქედან წასვლა და მე მაქვს აქ ყოფნის უფლება და დავრჩი აქ.
გავბრაზდი, ასე ნაჩქარევად რომ მიიღეს ეს კანონპროექტი. თან ამდენი მოწოდებისა და რეაქციის მიუხედავად, არაფერი გაითვალისწინეს. ბავშვობიდან აქციებზე ვდგავარ. როცა რაღაც არ მსიამოვნებს, გამოვდივარ.მშვიდობიანად ვაპროტესტებ. არანაირი რადიკალური გზა ჩემში არ ზის. ნამდვილად გადამეტებული ძალა იყო. ბევრი ქალი ვნახე, როგორ ახველებდა, ბევრი ვნახე, როგორ სტკიოდათ. ხანშიშესულებიც, ვინც აბსოლუტურად მშვიდობიანად იდგნენ, ზოგმა გაზი ყლაპა, ზოგს ჭავლის მერე ჰემატომები ჰქონდათ.
პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო იმ ბიჭებს, ვინც ზურგი გაგვიმაგრა და ასევე, GEN Z-ის, ამ ბავშვებს მაშინვე ეტყობოდათ, რომ არიან ევროპის, თავისუფლების მხარეს და არ უნდათ წარსულში დაბრუნება.. რაც შეეხება პრემიერის სიტყვებს, ჩემი აზრით, ვიდეოებში ყველაფერი კარგად ჩანს და მეტი კომენტარი არცაა საჭირო. ჩემთვის ეს კადრი არის სიმბოლო, რომ ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ საქართველოსთვის შემიძლია რაღაცის გაკეთება და თუკი ვინმემ ამ კადრებს გულგრილად არ შეხედა, მე მხოლოდ და მხოლოდ, ამაყი ვარ ამით და ისევ იმავეს გავაკეთებ, თუ საჭირო იქნება... დაუზარლად" - თქვა მან.