საავტომობილო გზების დეპარტამენტი სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ფერდია ჩამოშლილი. უწყება ამბობს, რომ უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, მიმდინარე მშენებლობის პროცესში, უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ზედაპირი ჩამოშალა და დააზიანა გარე ბეტონის სექცია.
უწყების ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება.
"აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყერულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება.
სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია", - ამბობს უწყება.
გზების დეპარტამენტი ამბობს, რომ ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ.