ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრები მწერლებთან და ლიტერატორებთან ერთად „მთავარი არხის" დამფუძნებლის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და მის პატიმრობაზე საკუთარ პოზიციას გამოხატავენ. განცხადება დედაენის ბაღში გაკეთდა.
მოძრაობის წევრების შეფასებით ნიკა გვარამია უსამართლოდ არის დაკავებული, ამიტომ ახლა გაჩუმება არ შეიძლება. მათი თქმით, გვარამიას პატიმრობა საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას, მედიას და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.
მწერლები და გამომცემლები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, გადადგას ქმედითი ნაბიჯები 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის, მე-7 რეკომენდაციის შესასრულებლად და შეიწყალოს ნიკა გვარამია:
ჩვენ ჩვენი კოლეგების სახელით ვუერთდებით ნია გვარამიას გათავისუფლების მოძრაობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ. 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მე-7 პუნქტი გულისხმობს, სწორედ მედიის თავისუფლებას და იმ პირობებში, როდესაც თითქმის 1 წელი სრულდება რაც ნიკა გვარამია პატიმრობაშია და გვაქვს აღქმა, რომ მისი დაკავება იყო საბოტაჟი მოეწყო ამ ხელისუფლებას ევროკავშირისათვის, რათა ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ახლა , აპრილის ბოლოს იქნება შუალედური დასკვნა, რამდენად აღასრულა საქართველომ ევროკავშირის რეკომენდაციები და სწორედ ეს მეშვიდე პუნქტი 12 რეკომენდაციიდან, პირდაპირ არის დაკავშირებული მედიასთან, ნიკა გვარამიასთან და ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს, აღასრულოს ევროპული და სამართლიანი პასუხისმგებლობით აღსავსე აქტი და გამოსცეს შეწყალების აქტი ნიკა გვარამიასთან მიმართებით. სიტყვებს უნდა მოჰყვებოდეს საქმე, ჩვენ სიტყვის ხალხი ვართ, მაგრამ ეს სიტყვა გულისხმობს საგნობრივ ქმედებას, ამიტომ ძაან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა რეალური ნაბიჯი გადადგას და შეიწყალოს ნიკა გვარამია - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას უკვე შეუერთდნენ ექიმები, ადვოკატები და არის განაცხადები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდანაც.