ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებს, რომ "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტების გარშემო მიმდინარე მოვლენებმა, მმართველი გუნდის განცხადებებმა და ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართულმა დისკრედიტაციის კამპანიამ ცხადყო, რომ "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად სპეკულირებს მართლმადიდებელი ეკლესიითა და საზოგადოებაში მისი ავტორიტეტით. TDI მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ღიად და დაუფარავად აწარმოებს ანტიდასავლურ პოლიტიკას, უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ მიზნებს, ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, "რუსული კანონპროექტი" პირველი მოსმენით მიღებიდან სამ დღეში გაეწვია, ამ ფონზე, კი ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული კრემლისტური ჯგუფების ანტილიბერალური და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო ძლიერდება.
"ხელისუფლება სამოქალაქო სექტორსა და თავისუფალ მედიას აგენტებად აცხადებს, აკნინებს მათ როლს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში და ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ საქმიანობაში ადანაშაულებს. ეს განცხადებები ასევე თანხვედრაშია კრემლის პროპაგანდისტულ გზავნილებთან და რუსეთში წლების განმავლობაში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დევნასთან, რაც საბოლოოდ მათი გაქრობით დასრულდა", - წერს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ხელისუფლების წარმომადგენლები, უმაღლესი თანამდებობის პირები სულ უფრო მეტად სპეკულირებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიით, იყენებენ მის ავტორიტეტს არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების, მედიის, ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის და მათ წინააღმდეგ ძალადობის გასაღვივებლად.
მაგალითებად ორგანიზაცია ხელისუფლების წარმომადგენლების იმ განცხადებებს იშველიებს, სადაც ისინი NGO-ებს, აქტივისტებსა და მედიას ასე მოიხსენიებენ - “ეკლესიის მაგინებლები”, “უსამშობლოთა და ურწმუნოთა თაობა”, “ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ორგანიზაციები” , “ექსტრემისტები”.
TDI წერს, რომ ხელისუფლების რუსულ პროპაგანდას და ეკლესიის სახელით სპეკულირებას არ ემიჯნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოც - "მიმდინარე მოვლენებზე მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხოლოდ ერთი განცხადება 9 მარტს გაავრცელა, სადაც არაფერი უთქვამს იმ კანონპროექტზე, რომლის გასაპროტესტებლადაც რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის შენობასთან აქციები იმართებოდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მოცემულ კონტექსტში, ხელისუფლების მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მანიპულირება, ხოლო საპატრიარქოს მხრიდან ამ სპეკულაციურ პროპაგანდაზე დუმილი მიზანმიმართულად აქეზებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ სიძულვილსა და ძალადობას, ასევე აზიანებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთგამიჯვნის პრინციპს, სამოქალაქო ინტეგრაციასა და დემოკრატიულ ფასეულობებს.
ფოტო: გურამ მურადოვი / Civil.ge