პანკისის ხეობის მცხოვრებს მესამე დღეა ქვეყანაში არ უშვებენ - აქცია დუისში

გამოქვეყნდა:

პანკისის ხეობის სოფელ დუისში საპროტესტო აქცია იმართება - ხეობის მცხოვრები ქალი უკვე მესამე დღეა ქუთაისის აეროპორტში ყავთ გაჩერებული და მცირეწლოვან შვილთან ერთად ქვეყანაში შემოსვლის საშუალებას არ აძლევენ. 23 წლის ლელა ქავთაროვა ამბობს, რომ ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში აქვს და მიზეზი, რატომ არ აძლევენ აეროპორტის დატოვების უფლებას, გაუგებარია. ქავთაროვა რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეა.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის. სექტემბერშიც იგივე შემემთხვა. საქართველოში ჩამოსვლის დროს აეროპორტში გამაჩერეს. სამი დღე ვიყავი აეროპორტში. ტელეფონი ჩამომართვეს და მითხრეს რომ აქედან დარეკვა არ შეიძლებოდა. მეშინია ახლაც არ ჩამომართვან.  პატარა ოთახში ვიყავით მე და ჩემი შვილი. ახლაც არაფერს მეუბნებიან. მე და ჩემი შვილის 3 დღეა აეროპორტში ვართ. პასპორტები ჩამომართვეს. ვერ გავიგე, საქართველოში აღარ უნდა ჩამოვიდე?! ვკითხე რატომ არ მიშვებდნენ, თუმცა არ მიპასუხეს. მითხრეს რომ ფრენა 18 რიცხვშია  და შემიძლია უკან გავფრინდე. ფრანგული პასპორტი მაქვს. არაფერს მიხსნიან. ჩემი ქმარი აქ ცხოვრობს. რამდენიმე თვეს საქართველოში ვატარებდი. მსგავსი პრობლემები წლების წინ არ მქონია. უპრობლემოდ მიშვებდნენ" ამბობს "მთავართან" სატელეფონო საუბარში ქავთაროვა.

დუისში შეკრებილები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხეობის მკვიდრებს ქვეყანაში შემოსვლის პრობლემებს უქმნიან.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, ქავთაროვა შემოუშვან ქვეყანაში. მათივე შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ასეთი მიდგომა დისკრიმინაციულია და არაერთხელ სცადეს ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილება, თუმცა უშედეგოდ.  

დუისელები სახალხო დამცველსაც მიმართავენ და მისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი