სამი წლის შემდეგ მეტროსადგური „გოცირიძე“ გაიხსნა და მგზავრებს დილიდან ემსახურება.
რეაბილიტაციის ფარგლებში მერიის ცნობით, სადგურ "გოცირიძეზე" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სხვა მეტროსადგურები შშმ პირებისთვის ამ დრომდე არ არის ადაპტირებული. შესაბამისად, "გოცირიძის" მეტროდან სხვა მეტროსადგურებში გადასვლა მათთვის, სავარაუდოდ, კვლავ პრობლემად დარჩება.
მერიის ცნობით, განახლდა ინტერიერი და ექსტერიერი, სრულად გადაიხურა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი და ჩატარდა მისი გამაგრების სამუშაოები. ასევე, სადგური ადაპტირდა შშმ პირებისთვის: დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. გარემონტდა თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვალა გახმოვანების სისტემა. სრულად გამოიცვალა სადგურის ელექტროსისტემები. რეაბილიტირდა მგზავრთა მისაღები ბაქანიც.
ცნობისთვის, პროექტის ბიუჯეტმა 4.7 მლნ ლარი შეადგინა.
რეაბილიტაციის შესახებ:
მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა და 2020 წელს კომპანია "კაიზერთან" ხელშეკრულება გააფორმა. გოცირიძე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2020 წელს დაიხურა. სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყო და ის 3 თვეში უნდა დასრულებულიყო. პირობების შეუსრულებლობის გამო, კომპანია კაიზერის დაწყებული საქმე "მამისონმა" გააგრძელა, რომელიც ტენდერის გარეშე შეირჩა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და სამშენებლო კომპანია,"მამისონს" შორის გაფორმებულ შეთანხმებაში წერია, რომ სამუშაოების სწორად ორგანიზების შემთხვევაში რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლის ოქტომბრის ბოლომდე იყო შესაძლებელი. ხელშეკრულების ღირებულება 4 მილიონ 700 ათას ლარზე მეტია.
2022 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ მამისონთან ხელშეკრულება გაწყვიტა. კალაძის თქმით, მეტროსადგური ექსპლუატაციაში კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო ვერ შევიდა. მეტროს გახსნა მაშინ ისევ გაურკვეველი ვადით გადაიდო.