"ლამის COVID-19-იც მიიწერა...დააკონკრეტოს „რა გაუკეთა“ და „რა გაუფუჭა“ - ინფექციური სერგეენკოს წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი დავით სერგეენკოს უპირისპირდება. ე.წ. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის იმ განცხადებებმა გააღიზიანა,  რომელიც სერგეენკომ რამდენიმე დღის წინ გააკეთა; დავით სერგეენკო მისივე მინისტრობის დროინდელ პროგრამებზე საუბრობდა, როგორც წარმატებულ პროექტებზე.

საპასუხოდ ინფექციურმა საავადმყოფომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ა.წ. 21და 26 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებში „არენა“ და „იმედის კვირა“ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო და გადაცემის სხვა მონაწილეები საუბრობდნენ ბ-ნი დავითის უდიდეს დამსახურებაზე საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამების ინიცირებასა და განხორციელებაში, „მის მიერ გადარჩენილ ათეულ ათასობით სიცოცხლეზე“. ბ-ნმა დავითმა ლამის COVID-19-იც მიიწერა. ამავე დროს ბ-ნმა დავითმა სთქვა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა, რომ ჯანდაცვაში მინისტრს „მარტო არაფრის გაკეთება არ შეუძლია“, ხოლო „გაფუჭება კი ბევრი რამის შეუძლია“.

მინდა დაბეჯითებით ვთხოვო ბ-ნ დავითს, დააკონკრეტოს „რა გაუკეთა“ და „რა გაუფუჭა“ (რასაც ქვეყანა ახლა იმკის) მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას,კონკრეტულად რა დამსახურება აქვს მას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებაში და „რა გაუფუჭა“ (რასაც ასევე ახლა ვიმკით) მან ამ პროგრამას. აგრეთვე, ვთხოვ გვიპასუხოს, რატომ მიიყვანა სრულიად გამიზნულად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება - ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განადგურების პირას და როგორია მისი წვლილი იმაში, რომ ცენტრს, მის პერსონალს და პაციენტებს დღესაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა და რატომ გადაწყვიტა მან ისტორიაში შესვლა „ჰეროსტრატეს“ სახელით.
ბ-ნი დავითის პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები." ნათქვამია განცხადებაში.
 

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "იმედის" რეპორტაჟში ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა თქვა: "ჩემი საქმიანობა პრემიერმინისტრის მრჩევლობა იყო ჯანდაცვის და სოციალურ საკითხებში; ჩემი ამოცანა იყო, კონკრეტული ანალიტიკის და რეპორტების მიწოდება პრემიერმინისტრისთვის, ძირითადად კოვიდის საკითხებზე".

ამავე ტელეკომპანიის ეთერში, სერგეენკომ ასევე თქვა: "მე ვეცდები ვიზრუნო, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს განსაცდელთან ერთი-ერთზე. რა თქმა უნდა, ყველა პრობლემის მოგვარება ერთდროულად შეუძლებელია, თუმცა მე ამის გამოცდილება მაქვს. ვფიქრობ, სისტემური მართვის შემთხვევებში, სხვადასხვა უწყებებთან კარგი კომუნიკაციით, ძალიან მნიშვნელოვნად შეიძლება, მიაღწიო პროგრესს."

დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტირის პოსტს 2012 წლის ოქტომბრიდან 7 წლის განმავლობაში იკავებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი