ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში მართლწესრიგის ოფიცრების მიერ განხორციელდა გეგმური აღწერა - თსუ

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი "მაისის სტუდენტური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიცია შევიდა.

თსუ განცხადებაში განმარტავს, რომ ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების მიერ განხორციელდა მოსახლეთა გეგმური აღწერა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება.

განცხადების თანახმად, ინფორმაცია, რომ გეგმური შემოწმება სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაშინებას, სიმართლეს არ შეესაბამება.

"გაცნობებთ, რომ 2023 წლის 15 და 16 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების მიერ განხორციელდა მოსახლეთა გეგმური აღწერა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება.

ბოლო დღეებში, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული გეგმური შემოწმება სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაშინებას, სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ სტუდენტებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, განსაკუთრებით საუნივერსიტეტო და საერთო საცხოვრებლის სივრცეებში. ამ მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან.

მოგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადმინისტრირებას უწევს სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელს. აღნიშნული საერთო საცხოვრებლით ძირითადად სარგებლობენ თსუ-ს სტუდენტები და ნაწილობრივ თსუ-ს თანამშრომლები", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 18 მარტს "მაისის სტუდენტური მოძრაობამ" ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიცია შევიდა. სტუდენტები ამბობდნენ, რომ მომხდარი მარტის აქციებში თსუ-ის სტუდენტების მონაწილეობას უკავშირდება და ხელისუფლება საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების გასანეიტრალებლად სხვადასხვა მეთოდებს იყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი