არ არსებობს დასკვნა, რომ რესპუბლიკური დემონტაჟს ექვემდებარება, ის ჩვენი ჯანდაცვის აკვანია - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, არ არსებობს დასკვნები, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ ექვემდებარება რეაბილიტაციას.

"მთავარ არხთან" წერილობით პასუხში ტიკარაძე აღნიშნავს, რომ კლინიკის დემონტაჟი დიდ რისკებს გააჩენს.

"ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2013-2015 წლებში აქტიურად იყო საუბარი რესპუბლიკურის დემონტაჟზე, თუმცა არ არსებობს არცერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან დადებული დასკვნა იმის თაობაზე, რომ რესპუბლიკური ვერ, ან არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. ჩემი მინისტრობის პერიოდშიც მსგავსი დასკვნა არ დაუდია არცერთ საექსპერტო ორგანიზაციას, ამიტომ მე არ ვიცი ახლა საფუძველი, თუ რატომ უნდა დაინგრეს რესპუბლიკური საავადმყოფო.

პერსონალის გაშვება, რა თქმა უნდა, პრობლემაა, რადგან ეს არის მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ექიმთა და ექთანთა გუნდი. კოლექტივი, რომლებიც საუკეთესოდ უმკლავდებიან ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს და ზოგადად, რესპუბლიკური საავადმყოფო, ეს არის ჩვენი ჯანდაცვის ისტორია და აკვანი.

აუცილებელია არსებობდეს ძლიერი სახელმწიფო კლინიკების ქსელი, აქ რესპუბლიკურს წამყვანი როლი უკავია, მისი დემონტაჟი დიდ რისკებს გააჩენს. თუ ახალი კლინიკის აშენებაა მთავარი, ამისთვის ლისზე მოლოდინის რეჟიმშია ონკოლოგიურის ტერიტორია და მასზე კი ნამდვილად დევს დასკვნა, რომ საჭიროებს დემონტაჟს. იმედი მაქვს, იქ დარჩნენ კიდევ ის თანამშრომლები, ვისაც ინსტიტუციური მეხსიერებაც აქვთ და ამ დოკუმენტზეც მუშაობდნენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, სტრატეგიული დოკუმენტები იქმნება იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს განვითარების კურსი და მუდმივმა ცვლილებებმა და რყევებმა არ გამოიწვიოს გაუარესება", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა გუშინ ღია წერილი გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის დემონტაჟი დააანონსა. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი