ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი საქართველოს პატრიარქის წერილს ეხმაურება და ამტკიცებს, რომ წერილი არა რუსეთის, არამედ უკრაინის მხარდამჭერია.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, უკრაინის ხელისუფლება "საბედისწერო შეცდომას უშვებს", რომლისთვისაც "ღმერთი ქვეყანას დასჯის".
"მთავართან" საუბრისას, მეუფე ნიკოლოზმა უკრაინის ხელისუფლება ლენინსაც შეადარა:
"საპატრიარქოს განცხადება, პირიქით, უკრაინის, როგორც ქვეყნის მხარდაჭერაა, იმიტომ რომ უკრაინის ხელისუფლებამ შეიძლება ახლა საბედისწერო შეცდომა დაუშვას, პატრიარქი მიმართავს მსოფლიო პატრიარქს, რომ ამაში ჩაერიოს და ეს საბედისწერო შეცდომა არ დაუშვას ხელისუფლებამ. როგორც წესი, როცა ასეთი რამ ხდებოდა ქვეყანაში, შემდეგ, ქვეყანას, ანუ ხელისუფლებას ღმერთი სჯიდა ხოლმე ამისთვის. ეს არის პირდაპირ ღვთის წინაშე, მე არ ვლაპარაკობ პოლიტიკაზე, ღვთის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. მე არ ვიცი, ამაზე უარესი, რა შეიძლება მოხდეს, აუცილებლად დაისჯება შემდეგ ეს ქვეყანა, ოღონდ ჩვენ არაფერ შუაში ვიქნებით.
საპატრიარქოს განცხადება, პირდაპირ კავშირში არაა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკური ნიშნით მონასტრიდან ბერების გამოსახლების, რაც ვანდალიზმია. ასეთი რამ ისტორიაში მომხდარა სხვადასხვა დროს, კიევის ქვაბების მონასტრიდან ბერები ბოლოს ლენინმა გამოასახლა მეტი მე ასეთი მაგალითი არ ვიცი", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართა და სთხოვა, ჩაერიოს იმ "დაძაბულობის განმუხტვაში", რომელიც რუსული ეკლესიისთვის კიევ-პეჩორის ლავრის ჩამორთმევის შემდეგ წარმოიქმნა.