ხელისუფლების პოლიტიკა ჯანდაცვის მიმართულებით თითქოს კოვიდის გადავლასთან ერთად სულ უფრო ნაკლებად გვახსოვს, თუმცა ეს ის სფეროა, რომელიც ბიუჯეტიდანაც და კერძო სექტორიდანაც მილიარდობით ლარს ითვისებს და კოლოსალური ხარჯების მიუხედავად ქართული ჯანდაცვა ჯერ კიდევ ტრაგიკულად შორს არის თანამედროვე სტანდარტებისგან.
ალბათ გახსოვს, როგორ იყიდეს 30 მლნ ლარად ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისგან ახალი შენობა ინფექციურის მოსაწყობად კოვიდის პირველ თვეებში. შენობა ისევ უფუნქციოდ დგას. ონკოლოგიური ცენტრი საპარტნიორო ფონდს გადასცეს, რომელსაც იქ ვითომ თანამედროვე კლინიკა უნდა მოეწყო. შენობა გაპარტახებულია, დაპირებული კლინიკა ცხადია არსად ჩანს. ახლა კი, როცა ხელისუფლება რესპუბლიკურის დანგრევაზე ალაპარაკდა, ეჭვები მედპერსონალსაც გაუჩნდა და საზოგადოებასაც. ეჭვები იმის თაობაზე, რომ მორიგი სამედიცინო ცენტრი ვიღაცის კერძო ინტერესებს შეეწირება.