კომიკურ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი - ასე აფასებს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს მსოფლიო პატრიარქისთვის მიწერილ წერილს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელ - მონაზონი, ეროვნებით ქართველი მამა ნექატრიუსი
მისი თქმით, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, 25 მარტს ასეთი წერილი იმ ქვეყნის ინტერესების დასაცავად, რომელმაც საქართველოს ავტოკეფალია წაართვა, უპასუხისმგებლობაა.
"პოსტ ფაქტუმთან" ინტერვიუში მამა ნექტარიუსი განმარტავს, რომ კიევ-პეჩორის ლავრიდან ბერებს არ ყრიან. მისი თქმით, ლავრას ტოვებენ ის სასულიერო პირები, რომლებიც უკრაინის ღალატში არიან მხილებული და რომლებსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს:
"ეს არის ცილისწამება, არავინ არ ყრის ბერებს კიევ-პეჩორის ლავრიდან. კიევ პეჩორის ლავრაში ბერები რჩებიან. იმ ეპისკოპოსებს უშვებენ ლავრიდან, ვისაც ჩამოერთვათ უკრაინის მოქალაქეობა, ვინც არიან რუსეთის მოქალაქეები და არიან დადასტურებულად უკრაინის ღალატისთვის გასამართლებულები. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ამ ადამიანებს უშვებენ თავისთავად, ისინი ღალატობენ ქვეყანას, ღალატობენ ერს, სადაც ბავშვებს ხოცავენ. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან და არ შეიძლება ქვეყანაში მათი არსებობა იმიტომ, რომ ქვეყანას უქმნიან საფრთხეს." ამბობს მამა ნექტარიუსი.
მისი თქმით, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელს, ონოფრეს, ომის დაწყების დღიდან, ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია რუსულ აგრესიაზე და უკრაინელი ბავშვების ხოცვაზე.
"კირიონ საძაგლიშვილის ეკლესიაში, ამბროსი ხელაიას ეკლესიაში, 25 მარტს ასეთი უპასუხისმგებლო განცხადბა კეთდება, როცა თვითონ ვერც აფხაზეთში და ვერც სამაჩაბლოში წირვას ვერ აღავლენენ, როდესაც თავზე გელათი გვენგრევა და ისტორია გვეშლება თვალწინ, მოდი ჩვენ ჩვენს ეკლესიას მოვუაროთ და გადავარჩინოთ.
რომელი ეკლესიის პრობლემას ვაგვარებთ იცით? მოსკოვის პატრიარქმა, ომი რომ დაიწყო უკრაინაში, ჯარისკაცებს უთხრა, რომ ვინც იქ დაიხოცება სამოთხეში მოხვდებაო. ბავშვს ვინც მოკლავს ის სამოთხეში ხვდება?" ამბობს მამა ნექტარიუსი.
მისი აზრით, საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქს სჯობს ქართული ეკლესიის პრობლემების მოგვარება სთხოვოს:
"მე შეიძლება არ მივეკუთვნები იურისდიქციით საქართველოს ეკლესიას, მაგრამ საქართველო ჩემია, ჩემი წინაპრების სისხლითაა ის ეკლესია აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც მოპოვებული და მოდი ბართლომეოსს ჯერ ის მივმართოთ, რომ როგორღაც შეძლოს საქართველოს სამღვდელოებამ აფხაზეთში წიროს და თვითონ უწმინდესი მოიხსენიონ მის ეპარქიაში" ამბობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელ - მონაზონი, მამა ნექატრიუსი.
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართა და
სთხოვა, ხელი შეუწყოს უკრაინის ეკლესიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას.
საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, მიტროპოლიტ ონოფრეს კიევ-პეჩორის ლავრა ჩამოერთვა.