შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს მივმართე, არცერთი უწყებიდან არავინ დამკავშირებია - ანანია გაჩეჩილაძე

გამოქვეყნდა:

ანანია გაჩეჩილაძის თქმით, POSTV-ის დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტზე მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს შაბათ-კვირის განმავლობაში მიმართა, თუმცა უწყებიდან მას ამ დრომდე არ დაჰკავშირებიან.

ამის შესახებ ანანია გაჩეჩილაძემ "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა. როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, მას არცერთი სახელმწიფო ორგანოდან არ დაჰკავშირებიან.

"ორშაბათია, უკვე დღის მეორე ნახევარია და პოლიციიდან ან რომელიმე სახელმწიფო ორგანოდან არ ყოფილა შეხმიანება, მათ შორის სახალხო დამცველისგან, რომელსაც ვერ ვუკავშირდებით და ჯერჯერობით თვითონაც არ გვიკავშირდება, მაგრამ აუცილებლად ეს კომუნიკაცია შედგება. მე მივმართე შსს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს შაბათ-კვირის განმავლობაში წერილობითაც, მათ აქვთ ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა, იმიტომ რომ მე ველოდი, რომ მყისიერი რეაქცია იქნებოდა და აშკარად ასე მოქცევას არ აპირებენ", - თქვა ანანია გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, 25 მარტს ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც შალვა რამიშვილისა და საქმიან შეხვედრაზე მისული ანანია გაჩეჩილაძის გასაუბრებას ასახავს.  ჩანაწერში, ისმის, როგორ ავიწროებს სექსუალურად შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს.

აუდიო ჩანაწერი 2018 წლით თარიღდება და ის POSTV-ის ოფისში, რამიშვილის პირად კაბინეტში ჩაიწერა, სადაც ანანია გაჩეჩილაძე გადაცემის მოსამზადებლად დაიბარეს. ჩანაწერი 2 საათს გრძელდება - სექსუალური ხასიათის ვერბალური ძალადობის შემდეგ, ისმის როგორ უახლოვდება შალვა რამიშვილი გოგონას, გვერდით უჯდება და ფიზიკურ შეხებას ცდილობს.

ანანია გაჩეჩილაძე ამ საუბრის დროს 22 წლისაა, შალვა რამიშვილი კი 47 წლის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი