გორში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ის აქტივისტები და საჯარო მოხელეები, რომლებიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე განსაკუთრებით აქტიურობდნენ, სამუშაოდ ევროპაში მიდიან, პარალელურად კი გორში საბიუჯეტო ორგანიზაციებში თანამდებობებს ინარჩუნებენ.
ენმ-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი თამარ კილაძეა, რომელიც წმინდაწყლის ტერიტორიულ ორგანოში მუშაობს. ორგანოში ადასტურებენ, რომ კილაძე ამჟამად გერმანიაში იმყოფება, თუმცა ამბობენ, რომ ის ჯანმრთელობის პრობლემების გამო უხელფასო შვებულებაშია და გერმანიაში სამკურნალოდაა წასული.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ერთეული არაა და ის სისტემურად ხდება. ისინი ამ საკითხს საკრებულოს მომდევნო სხდომაზეც დააყენებენ.