"ვახორციელებთ ზედამხედველობას, როგორ აწვდის სახელმწიფო სამედიცინო სერვისს პატიმარს [მიხეილ სააკაშვილს]" | ომბუდსმენის წარმომადგენელი

გამოქვეყნდა:

"ვახორციელებთ ზედამხედველობას, როგორ აწვდის სახელმწიფო სამედიცინო სერვისს პატიმარს [მიხეილ სააკაშვილს]" - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი გვანცა ჩხაიძე "ვივა მედიდან" კონსილიუმის გამოსვლის შემდეგ საუბრობს. 

დღეს სახალხო დამცველთან არსებულ ექსპერტთა ჯგუფს ჰქონდა მორიგი, რიგით მე-9 ვიზიტი პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან. წინა ვიზიტი ჩვენ გვქონდა 19 თებერვალს. დღევანდელი ვიზიტის მიზანი, ისევე როგორც გასული ვიზიტების მიზანი იყო და არის ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის მონიტორინგი. ცხადია, სახალხო დამცველს, ისევე როგორც ექსპერტთა ჯგუფს, არ გააჩნია ის მანდატი, რომ ჩაერთოს უშუალოდ პატიმრის მკურნალობის პროცესში. ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი კანონმდებლობით მონიჭებული მანდატის ფარგლებში იმ პროცესზე ზედამხედველობას, თუ როგორ აწვდის სახელმწიფო სამედიცინო სერვისს პატიმარს. 

დეტალებთან დაკავშირებით, ცხადია, ისაუბრებენ ჩვენი ექიმები, რომლებიც ჩემთან ერთად დღეს იმყოფებიან. ჩვენ, ცხადია, გავაგრძელებთ მომავალშიც მონიტორინგს. მონიტორინგს ჩვენ ვახორციელებთ არამხოლოდ უშუალოდ ვიზიტების მეშვეობით, არამედ პერიოდულად ჩვენ ვითხოვთ სამედიცინო დოკუმენტაციას და ესეც დაუყოვნებლივ მიეწოდებათ ხოლმე ჩვენს ექიმებს და ისინი ეცნობიან ხოლმე პერიოდულად.

კიდევ ერთხელ საჯაროდ მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, რომლებიც უკვე დაახლოებით წელიწადნახევარია ეხმარებიან სახალხო დამცველს და სახალხო დამცველის აპარატს რომ ჩვენზე დაკისრებული მანდატი განვახორციელოთ ეფექტიანად, - ამბობს გვანცა ჩხაიძე.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ექიმთა კონსლიუმმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში დღეს მოინახულა. ბოლოს სახალხო დამცველის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან 19 თებერვალს იმყოფებოდა. ახალი სახლხო დამცველის, ლევან იოსელიანის დანიშვნის შემდეგ კი ეს მესამე პრეზიდენტთან მათი პირველი ვიზიტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი