აქცია კანცელარიასთან - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები მივიდნენ და პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. პროტესტის მიზეზი პრეპარატის დეფიციტია.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის შემოტანას მშობლები თითქმის წელიწადია ითხოვენ, ამ დროის განმავლობაში მათ გამართეს არაერთი აქციაც, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროსგან რეაგირება არ არის.
"ჩვენ უკვე მეორედ ვართ კანცელარიის წინ, თუმცა დაახლოებით 4-ჯერ მაინც მივმართე პირდაპირ ეთერში ბატონ პრემიერს, რომ მოესმინა ჩვენთვის, გულთან მიეტანა ჩვენი გაჭირვება და ზუსტად ვიცი, რომ მან ძალიან კარგად იცის ამ ბავშვების შესახებ და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრობდა კიდეც. არ ვიცი მას რა უთხრეს, როგორ მიუტანეს ამბავი, ამიტომ ვთხოვთ, შეგვხვდეს, მისგან გვინდა მოვისმინოთ უარი. თუ არ აფინანსებს ამ ბავშვებს, თუ განწირული არიან საქართველოს აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვები უნდა ვიცოდეთ, რადგან ეს ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია ამ წუთას არის უარი, ოღონდ არაოფიციალური. ისინი წერილობით არ გვიწერენ უარს, მაგრამ ეს უკვე უარს ნიშნავს ჩვენთვის. ეს არის დროის გაყვანა, მათ შექმნეს საბჭო, შეიყვანეს ისეთი წევრები, რომლებსაც აქონდროპლაზიასთან არაფერი კონტაქტი არ ჰქონიათ", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.