კვირის ბოლოს ვიმსჯელებთ როდის და როგორ აღდგება რიკოთზე მოძრაობა - გზების დეპარტამენტი

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, როდის იქნება შესაძლებელი რიკოთზე მოძრაობის განახლება. უწყებაში ამბობენ, რომ 30 მარტს ადგილზე მოძრაობა უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე შეწყდა, რადგან გზასთან დაახლოებით 200 მეტრში, განვითარდა მეწყრული პროცესები.

უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე რიკოთის 149-ე კმ-ზე გზის გაფართოვების სამუშაოები დასრულებულია და კვლევები მიმდინარეობს:

"გეოლოგიური კვლევები, გეოფიზიკური კვლევები უკვე დაწყებულია და შესაბამისი სპეციალისტები, საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტები სწავლობენ და ატარებენ შესაბამის კვლევებს, კვირის ბოლოსათვის უკვე ცნობილი იქნება პირველადი, წინასწარი შედეგები, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვიმსჯელოთ შესაბამისი საფრთხეების დონეზე და ვიმსჯელოთ იმაზე, შესაძლებლობაზე, თუ როდის და როგორ აღდგება ავტოსასტრანსპორტო საშუალებების მოძრაობა", - თქვა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა.

უწყებაში ამბობენ, რომ მოძრაობა გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, რომლის 6 კილომეტზეც გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს:

"კონკრეტულად, ტარდება ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზის საფარის და დამეწყრილი ადგილების რეაბილიტაცია, რაც ხელს უშლის მოძრაობას და შეფერხებით ხდება გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ ამ 6 კმ-იან მონაკვეთზე. ამ დისკომფორტისთვის, საავტომობილო გზების დეპარატმენტი კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს მოსახლეობას, მგზავრებს, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს".

როდის დასრულდება აღნიშნული სამუშაოები, უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი