2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა - ომბუდსმენის ანგარიში

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. 

სახალხო დამცველის შეფასებით, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა.

კერძოდ, სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტის  - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნას, რომელთაც დღესდღეობით გამართული და ეფექტური ფუნქციონირებისთვის არანაირი ინსტიტუციური გარანტიები არ აქვთ. სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია მათი რეორგანიზაცია.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშში გაკრიტიკებულია სასამართლო სისტემა:

"საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად შემუშავებული წინაპირობები სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებასთან დაკავშირებით. შედეგად, არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა მიმდინარეობს და არც სასამართლო კანონმდებლობის დახვეწისა და ხარვეზების აღმოფხვრის პროცესი", - ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველი ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. 

სახალხო დამცველის შეფასებით, კვლავ გამოწვევად რჩება პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება.

"არაერთი გამოძიების პროცესში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც არ შეესაბამება ეფექტიანი გამოძიების კრიტერიუმებს, ან იკვეთება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მაგალითად, აშკარა პოლიტიკური ელფერი ჰქონდა ნიკა გვარამიას და ასევე, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას", - ნათქვამია ანგარიშში.

ნეგატიურად არის შეფასებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" (რუსული კანონი) საქართველოს კანონის პროექტის მომზადებადა შემდგომ მისი ინიციირება.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების უფრო მეტად შეზღუდვის ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ნივთის დაზიანება, თავდასხმა, დევნა, მუქარა, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა, სავარაუდო არაკანონიერი მიყურადება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს აღრმავებს ასევე, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში გატარებული ცვლილებებიც, "რასაც მედია ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილი სარჩელების სიმრავლეც ადასტურებს".

ომბუდსმენის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში კვლავ ადგილი ჰქონდა შეკრების უფლების შეზღუდვას. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, გრძელდებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მიზეზით.

"ეს პრაქტიკა 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება და იგი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში საუბარი შეეხო 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს. სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს არაეფექტურ გამოძიებაზე:

"ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს 2021 წლის 5 ივლისს ლგბტქ+ პირებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების საქმეზე ჩატარებული გამოძიება. თავის მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, რადგან სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა კონკრეტულ პირთა მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები და მათი პიროვნება", - ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოხატავს  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ე.წ. მოსმენების კანონში შეტანილ ცვლილებებზე და წერს, რომ "ფარული მიყურადების კანონმდებლობასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე არ გამოაქვს გადაწყვეტილება".

გარდა ამისა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო და გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაბარება არ შეესაბამება არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებას.

ანგარიშში ასევე საუბარია პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე. სახალხო დამცველის შეფასებით, პენიტენციური სისტემა პატიმრების სხვადასხვა მეთოდებით გაჩუმებაზეა ორიენტირებული. ამ მხრივ უმთავრესი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა.

"დღემდე შეუსრულებელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურის დაძლევის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით", - აღნიშნავს ომბუდსმენი.

ასევე ომბუდსმენის შეფასებით, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა. ასევე, პრობლემურია პატიმრებისათვის სომატურ და ფსიქიატრიულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა პატიმრის გარდაცვალების მიზეზიც გახდეს.

სახალხო დამცველის თქმით, კვლავ გაუმართავია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი, ვინაიდან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოები ხშირად იდენტური მოცემულობების საქმეებში განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ. დოკუმენტის თანახმად, მისასალმებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის წინადადება და „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანით უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების ვადა 20-დან 15 წლამდე შემცირდა.

ანგარიშში საუბარია შსს-ს სისტემაში არსებულ პრობლემებზეც:

"კვლავ გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეოჩანაწერების წარმოება. პოლიციის სივრცეები, სადაც დაკავებულს უწევს ყოფნა, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით სრულად კვლავ არ არის დაფარული. მეტიც, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ შემოწმებულ პოლიციის დაწესებულებაში კამერების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. ეს ტენდენცია არასათანადო მოპყრობის პრევენციის თვალსაზრისით განსაკუთრებულად საგანგაშო და მკვეთრად უკან გადადგმული ნაბიჯია"

სახალხო დამცველის შეფასებით, გენდერული თანასწორობის კონტექსტში საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. თუმცა ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ნეგატიური მოვლენაა, რომ წლებია არ გაუმჯობესებულა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული ვითარება, და არც შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება.

სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი