ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივით ხასიათდება - სახალხო დამცველის ანგარიში

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება პოლიტიკური ნიშნით ხასიათდება.

სახალხო დამცველი ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე, მათ შორის, ნიკა გვარამიაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და განაჩენის დაუსაბუთებლობაზე:

"ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივით ხასიათდება. ამას განაპირობებს არაერთი გარემოება: პირველ რიგში, კრიტიკული ტელეკომპანიის დამფუძნებლისა და მედიამენეჯერისთვის, თავისი შინაარსით კორპორაციული სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხისთვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. აგრეთვე, მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები იყო დაუსაბუთებელი, როგორც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის და მსჯავრდების, ასევე, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ნაწილში. ეს გარემოებები იმაზე მიანიშნებს, რომ მის მიმართ დაწყებული პროცესი არა მართლმსაჯულების ინტერესით, არამედ პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული.

პირველი ინსტანციის სასამართლომ პასუხს თავი აარიდა ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე. განაჩენში ვერ ვხვდებით ფიდუციური მოვალეობებისა და საკორპორაციო-სამართლებრივი საკითხების თუნდაც გაკვრით ხსენებასაც კი", - ნათქვამია ანგარიშში. 

გარდა ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ნიკა გვარამიას მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი (ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით).

"პოლიტიკური მდგენელის გამოვლენაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს მიმდინარე პროცესებმა და ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა. ნიკა გვარამიას ბრალდება ახალი ტელევიზიის შექმნის გეგმაზე საუბრის შემდეგ წარედგინა. აგრეთვე, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უშუალოდ ნიკა გვარამიას მიმართ უარყოფითი განცხადებებით ხასიათდებოდა მთელი სასამართლო განხილვების პერიოდი და განაჩენის გამოტანის შემდეგაც. გამომდინარე აქედან, ცალსახად იკვეთება ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსების, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის, „მთავარი არხი“-ს საქმიანობისგან ჩამოშორებით დაინტერესება.

[...]

სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელდა პოლიტიკური მართლმსაჯულება და დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი (ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით)", - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

იხილეთ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში სრულად აქ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი