Biletebi.ge საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ღია წერილით მიმართავს.გავრცელებულ განცხადებაში კომპანია განმარტავს, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათ დღემდე არ მიეცათ საშუალება წარედგინათ პირობები საბილეთო კომპანიის შერჩევაში მონაწილეობისთვის.
Biletebi.ge აცხადებს, რომ წლიდან წლამდე, კონტრაქტი ყოველგვარი კონკურსის გარეშე ერთი და იგივე საბილეთო კომპანიასთან ფორმდება.
"ღია წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.
მრავალი გულშემატკივარი გამოთქვამს წუხილს ნაკრების ბილეთების გაყიდვის ხარვეზებთან და სტადიონზე დაშვების მართვასთან დაკავშირებით.
მიუხედავად მრავალჯერადი მცდელობისა, მიგვეღო მონაწილეობა თქვენს მიერ საბილეთო კომპანიის შერჩევაში, ჩვენ დღემდე არ მოგვეცა საშუალება წარგვედგინა ჩვენი პირობები.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ამოვწურეთ ყველა საშუალება მიგვეღო ინფორმაცია პირდაპირი კომუნიკაციით, იძულებული ვართ მოგმართოთ საჯაროდ, კითხვით: რატომ ხდება, მრავალი ხარვეზის მიუხედავად, წლიდან წლამდე, ერთი და იგივე საბილეთო კომპანიასთან ექსკლუზიური კონტრაქტის გაფორმება ყოველგავარი კონკურსის გარეშე?
ჩვენი აზრით, ფედერაცია თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული შეარჩიოს კომპანია, რომელიც შესთავაზებს საუკეთესო პირობებს და სერვისს. ამის მაგივრად, თქვენი ჩინოვნიკების მიერ ხდება ბაზარზე ერთ ერთი ძლიერი და გამოცდილი მოთამაშის ხელოვნური დაბლოკვა", - ნათქვამია განცხადებაში.