ტელეკომპანია იმედის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტზე, ირაკლი ჩიხლაძემ, "იმედისა" და "იმედი ნიუსის" ჟურნალისტებმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.
"იმედის" წინააღმდეგ სარჩელი ეკა ჭოლოკავამ შეიტანა, რომელიც მედია ორგანიზაციას ქარტიის მეათე და პირველი პრინციპების დარღვევას ედავებოდა.
ქარტიის პირველი პრინციპი ითვალისწინებს, რომ "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია"
ქარტიის განცხადებაში კერძოდ საუბარია "იმედი ნიუსის" მასალაზე სათაურად: "სააკაშვილის მედდა: ყველა იყო დაინტერესებული, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს", რომელიც "იმედის კვირის" სიუჟეტზე დაყრდნობით მომზადდა, რომელსაც "ძალადობა სამედიცინო პერსონალზე" ერქვა.
მასალაში არის ინტერვიუ პირთან, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილის მედდა იყო, თუმცა იმ სტრესის გამო გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მიაყენა.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში, ჟურნალისტებმა სათანადოდ არ სცეს პატივი მაყურებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
"ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა, რადგან ჟურნალისტებმა სათანადოდ არ სცეს პატივი მაყურებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.
საბჭომ ვერ დაინახა ჟურნალისტების მცდელობა, რომ ისინი შეეცადნენ ინფორმაციის გადამოწმებას. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მინიმუმ, ორი დამოუკიდებელი წყარო უნდა ადასტურებდეს ინფორმაციას, რომ ის მტკიცებით ფორმაში გადაიცეს. გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება.
ზოგადად, საბჭო თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის სიუჟეტის წარდგენის ყველა ასპექტის, მიზნისა და აქცენტების გათვალისწინებით. მასალებში რესპონდენტის მხრიდან გაჟღერებულია ბრალდებები, რომელთა გადამოწმების მცდელობა ჟურნალისტების მხრიდან არ ჩანს, მხოლოდ წარმოდგენილია ვიდეოები," - წერს ქარტია განცხადებაში.
მათივე განცხადებით, "იმედის" მიერ მომზადებულ მასალებს აკლია გადამოწმება, წყაროები და საპასუხო პოზიციის ამსახველი კომენტარები.
"ქარტიის საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი მიაწოდოს აუდიტორიას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წყაროები იყოს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. სხვადასხვა წყაროდ ვერ ჩაითვლება ისეთი წყაროები, რომლებსაც შეიძლება საერთო ინტერესი ჰქონდეთ ამბის მიმართ. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ჟურნალისტმა აუდიტორიას პატიოსნად უნდა აცნობოს მის მიერ გადამოწმების მცდელობისა და გზების შესახებ და უნდა მიუთითოს, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელია", - წერს ქარტია.
ქარტიის ინფორმაციით, ირაკლი ჩიხლაძეს, "იმედისა" და "იმედი ნიუსის" ჟურნალისტებს ქარტიის მეათე პრინციპი არ დაურღვევიათ.