სტიქია რაჭაში - ძლიერმა წვიმამ 12 სოფელი და 2 000-მდე ადამიანი გარესამყაროს მოწყვიტა

გამოქვეყნდა:

რაჭაში 2 000-მდე ადამიანი გარესამყაროს ჯერ კიდევ მოწყვეტილია. 12 სოფელი გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა გზების გარეშე დატოვა. ადიდებულმა მდინარეებმა წაიღო სოფლებს შორის დამკავშირებელი ხიდები, დატბორა მოსახლეობის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები, გზებთან ერთად დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები. სტიქიის ზონაში დარჩენილი ადამიანები საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების გარეშე იყვენენ დარჩენილი და მთელი დღის განმავლობაში დახმარებას ელოდნენ.   

ადამიანები, რომლებიც სტიქიის ზონასთან რამდნეიმე მეტრში ცხოვრობენ, ყვებიან, რომ მათი ახლობლები საკვების, სასმელი წყლისა და კომუნიკაციის გარეშე დარჩნენ. მდინარე რიონის ადიდების შედეგად დაზიანებულია წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობები, შესაბამისად სასმელი წყალი მოსახლეობის ნაწილს აღარ მიეწოდება. 

კურორტ შოვში ჩარჩენილია ასეულობით დამსვნებელი. დღის ბოლოს სამაშველო სამსახურმა კურორტიდან და მიმდებარე სოფელებიდან მხოლოდ რამდენიმე ოჯახის გამოყვანა მოახერხა. გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან ადამიანები ვერტმფრენებით გამოჰყავდათ. "მთავარი არხი" იმ ადგილას მივიდა, სადაც სხვადასხვა სოფლებიდან გამოყვანილი მოქალაქეები შეკრიბეს. სტიქიას გადარჩენილი ხალხი ამბობდა, რომ ხელისუფლებამ მათ სათანადო ყურადღება არ მიაქცია. 

რა ბედი ეწევათ სტიქიის ზონიდან გამოყვანილ უპატრონოდ დარჩენილ მოსახლეობას, ან როდის აღდგება რაჭაში დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის. კონკრეტულ გეგმებზე დღეს ხელისუფლების წარმოამდგენლებს არ უსაუბრიათ, თუმცა ამბობენ, რომ სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და შემოვლითი გზა უახლოეს დღეებში გაკეთდება.

სტიქიას რაჭაში დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე მხოლოდ საკუთარი ძალებით ებრძვის, ბოლო მონაცემებით დაზიანებულია ათი ხიდი, რვა ადგილას ჩანგრებულია გზის სავალი ნაწილი და რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულების შიდა სასოფლო გზები. 2000 ადამაინიდან ვერტმფრენების დახმარებით სტიქიის ზონიდან 30-მდე ოჯახი გამოიყვანეს, მათგან სამი მცირეწლოვანი ბავშვია. ამ დრომდე მცირეწლოვან ბაშვებთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოსახლეობა კი ხელისუფლებისგან სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი