7 მარტის აქციაზე დაშავებულ ზაზა ბირიაშვილს ცალ თვალში მხედველობა აღარ აღუდგება. ბირიაშვილი დღეს კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" კვლევაზე იმყოფებოდა, სადაც ექიმებმა საბოლოო დიაგნოზი დასვეს.
ბირიაშვილის თქმით, მას საგამოძიებო უწყებიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია და არც დაზარალებულის სტატუსი მიუნიჭებიათ.
"მხედველობაზე ამ თვალზე უკვე 0%-ია, არაფერი არ ეშველება. მისამართი იციან, სახლი იციან, კარი იციან, მოიკვლიონ, ჩემთან არავინ მოსულა, არც სამთავრობოები, კაციშვილი არ მოსულა, არც გამოძიება და არავინ, არც მთავრობიდან კაციშვილს არ მოვუკითხივარ.
რა უნდა ვთქვა, გვაშავებენ, ალბათ უნდათ დააშინონ ხალხი, რომ აღარ გავიდნენ მეორედ აქციებზე. მარტო არასამთავრობო იყო მოსული, ისინი დამეხმარნენ, ჩემი სამსახურიდან იყვნენ მოსული კიდევ ისინი დაეხმარნენ, ხალხი მეხმარება კიდევ, ანგარიშზე თანხას მირიცხავენ, ყველას მადლობას გადავუხდი, უღრმესი მადლობა ყველას", - თქვა ზაზა ბირიაშვილმა.
ბირიაშვილი 7 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე, მაშინ დაშავდა, როცა პოლიციამ მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაარბია. ბირიაშვილს სავარაუდოდ, ცრემლმდენი გაზის ბალონი მოხვდა თვალში.
დარბევის მიუხედავად აქციაზე ხალხი მაინც არ იშლებოდა, რის გამოც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. მიუხედავად ძალის გამოყენებისა და დაშავებულებისა მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ პოლიციელები აქციაზე "ლოიალურები იყვნენ" და "სისხლი არ დაღვრილა". "ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ დღეს, ბირიაშვილის საქმეზე განაცხადა, რომ მხედველობის დაკარგვასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.