აქცია კანცელარიასთან - შქმერის მოსახლეობა მანგანუმის მოპოვების ლიცენზიებს აპროტესტებს და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"გადავარჩინოთ შქმერი" - ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ზემო რაჭის სოფელ შქმერის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები მოითხოვენ, რომ სოფელში მანგანუმის მოპოვება შეწყდეს.

აქციის მონაწილეების თქმით, სოფელში მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ადგილობრივებს საფრთხეს უქმნის - მათი თქმით, ზიანდება ეკოსისტემა.

იმისთვის, რომ ადგილზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შეჩერდეს, საჭიროა წიაღისეულის მომპოვებელ ორ კომპანიას ლიცენზია შეუჩერდეს. ამ მოთხოვნით ადგილობრივებმა არაერთი აქცია გამართეს, ასევე შეაგროვეს ხელმოწერები და მიმართეს სასარგებლო წიაღისეულის მინერალების სააგენტოსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, ამ დრომდე არცერთი უწყებისგან რეაგირება არ ყოფილა. აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. მათ სურთ ღარიბაშვილს ადგილზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდონ.

"ვატარებთ მეოთხე აქციას, სამწუხაროდ, არის უშედეგოდ. მთელი სოფელი კატეგორიულად ვითხოვთ, გაუქმდეს ლიცენზიები, იმიტომ რომ საფრთხეს უქმნის მთლიანად ჩვენს სოფელს და მიმდებარე ტერიტორიას", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ზემო რაჭის სოფელში მანგანუმის მოპოვებას ორი კომპანია - შპს "ტექნოლოჯი" და შპს "ნორთი" - უკვე წელიწადზე მეტია ახორციელებს. ამ დროისთვის სამუშაოები დროებით შეჩერებულია, რადგან ადგილობრივებმა კომპანიებს ამის შესაძლებლობა არ მისცეს, თუმცა ლიცენზია კვლავ ძალაშია.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ადგილობრივები უწყვეტ აქციებს აანონსებენ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი