გორში ძველი, ისტორიული სახლების გვერდით მაღალსართულიანი კორპუსები შენდება. მშენებლობისას არავინ ითვალისწინებს, რომ ქალაქი სეისმურად აქტიურ ზონაშია. ამას ისიც ემატება, რომ გორს ამ დრომდე არ აქვს გენერალური გეგმა.
რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ კორპუსებს "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანიები აშენებენ.
მაგალითისთვის, შპს „ვაკამ“,„ვაკა ისტეიტსმა“ და „ბოლერო & კომპანიმ“, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვახტანგ კარიჭაშვილია, მშენებლობის ნებართვები მიიღო გორში წერეთლის 11-ში, ასევე გურამიშვილის 1-ში სასტუმროს აშენებისთვის; შპს „ერედვი 2008“-მ, რომლის მფლობელიც არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიხეილ ვახტანგაშვილი. მიიღო ნებართვა კომერციული ობიექტის აშენებისთვის. 2021 წელს შპს „დირიგომ“ მიიღო ნებართვა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის. აღნიშნული კომპანიის 50%-ს ფლობს გორის ყოფილი მაჟორიტარის და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველის იოსებ მაკრახიძის კომპანია „იბოლიას“ დამფუძნებელი და დირექტორი გოდერძი მიქავა, მეორე 50%-ს მფლობელი კი, გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მწვრთნელის, ნუგზარ სხიერელის ოჯახია. 2020 წელს შპს „ბალა ჰაუსმა“ მიიღო ნებართვა მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის მშენებლობისთვის ბაგრატიონის და ამილახვრის ქუჩებზე – აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთმა გორელმა პარტნიორმა ვლადიმერ გიგაურმა ამავე წელს „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.
გორის მერია ყოველწლიურად ასობით სამშენებლო ნებართვას გასცემს. გორს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ გააჩნია. მოქალაქეთა თანხმობის გარეშე, მრავალსართულიანი კორპუსების აშენების ნებართვა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველად, 2017 წელს იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლიას” მისცა, რომელმაც ადმინისტრაციული შენობის უკან 6-სართულიანი კორპუსი ააშენა.
ბოლო სამ წელში, [2018 -2022], გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების მიერ გაცემულია 5 000-ზე მეტი სამშენებლო ნებართვა. გაცემული ნებართვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
გორის მერს სამშენებლო ნებართვების გაცემის დროებით შეჩერება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომა არაერთხელ ურჩია. საბჭომ პირდაპირ მიუთითა მერიას, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე შეწყვიტოს მრავალსართულიანი კორპუსების სამშენებლო ნებართვების გაცემა. თუმცა უშედეგოდ. თავად გეგმაზე მუშაობა კი 2017 წლიდან დაიწყო და 2019 წელს დასრულდა. მისი შედგენისთვის, გორის მერიამ კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ 383 500 ლარიც გადაუხადა. გეგმა კვლავ არ მიუღიათ.
პრემიერ-მინისტრის მიერ თებერვალში გამოცემული დადგენილებით, მუნიციპალიტეტებმა განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია უნდა შეიმუშაონ. ოპოზიცია და საზოგადოება ფიქრობს, რომ ამ სტრატეგიის შემუშავებას წინ სწორედ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება უნდა უძღოდეს. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება დროს მაქსიმალურად აჭიანურებს, შედეგად კი ქალაქი ბეტონის ჯუნგლებად გადაქცევის საფრთხის წინაშეა.